პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილზე: სამწუხაროა, რომ სამართლებრივი საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა ხდება

პუბლიკა

„სამწუხაროა, რომ სამართლებრივი საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა ხდება… ზოგადად, არავის ვუსურვებდი, რომ სხვა ადამიანების პიროვნული ტრაგედიების გამოყენება ხდებოდეს პოლიტიკური ინსინუაციებისთვის“, – განაცხდა შალვა პაპაუაშვილმა ღარიბაშვილის წერილის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად.

„ზოგადად, სამწუხაროა, რომ სამართლებრივი საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა ხდება… ამის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობები სხვადასხვა დროს გვინახავს, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ მოაქვს. არის სამართლებრივი საკითხები, პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი. ამ ბრალს სჭირდება პასუხი. ვფიქრობ, სხვა დანარჩენი, პოლიტიკური ინსინუაციები ზედმეტია.

ზოგადად, არავის ვუსურვებდი, რომ სხვა ადამიანების პიროვნული ტრაგედიების გამოყენება ხდებოდეს პოლიტიკური ინსინუაციებისთვის. ვიცით, ვინ იყენებს ამ მეთოდებს და წლებია, შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიების გამოყენება, თვითმკვლელობა იქნება თუ სხვა სახის.

რაც შეეხება ადამიანს, რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე მგონი, მის სულს მაინც უნდა სცენ პატივი და მოასვენონ ადამიანი,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ ინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან ახალ წერილს ავრცელებს და მისი თქმით, ყოფილი უფლებადამცველის, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით შეკითხვებს სვამს.

ციხიდან გავრცელებულ მორიგ წერილში ღარიბაშვილი წერს, რომ 12 თებერვალს საკანში შეუტანეს დიტო ჩუბინიძის მიერ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც კობახიძე იყო გაკრიტიკებული და გადასცეს პრეტენზია, ხომ არ იდგა ის „ხსენებული სტატიის უკან“. ღარიბაშვილი წერს, რომ ლაზარე ჯორბენაძე ამ სტატიის რესპონდენტი იყო და მოგვიანებით თავი მოიკლა.

ღარიბაშვილის თქმით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ თავად „ასავალ-დასავალი“ ჯორბენაძის თვითმკვლელობის ვერსიას ეჭვქვეშ აყენებდა და წერს, რომ უნდა გაირკვეს ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი.