პაპუაშვილი: მივმართავ ყველას, თუ გაქვთ ინფორმაცია ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებაზე, მოგვეცით

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ ესხმის თავს ბრიტანეთის საელჩოს და  „ექსტრემისტი პოლიტიკოსების და პროპაგანდისტების დაფინანსებაში“ ადანაშაულებს.

პაპუაშვილი ბრიტანეთის საელჩოს მოუწოდებს, გაასაჯაროოს, „ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს“.

„ასევე მივმართავ ყველას, ვისაც, შესაძლოა, ჰქონდეს რაიმე ინფორმაცია ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებასთან დაკავშირებით, მომაწოდოთ ეს ინფორმაცია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

11 ივნისს ბრიტანეთის საელჩომ განაცხადა, რომ უწევთ, გააუქმონ საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობის მხარდაჭერას.

საელჩომ მიზეზად „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმების ან ვადების არარსებობას ასახელებს.

კერძოდ, ბრიტანეთის საელჩომ გადაწყვიტა, აღესრულებინა „ქართული ოცნების“ მიერ გრანტების კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც, გრანტის გამცემმა ნებართვა ხელისუფლებას უნდა სთხოვოს და შესაბამისი განცხადებით „ოცნებას“ მიმართა კიდეც.

თუმცა, როგორც საელჩომ განაცხადა, „ოცნების“ ხელისუფლებამ აცნობა, რომ „მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ არ არის დასრულებული. შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობს „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები“.

სწორედ ამის გამო აუქმებს ბრიტანეთის საელჩო საგრანტო წინადადებებს, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას“.

ბრიტანეთის საელჩომ ამავე მიზეზით გააუქმა ონლაინგამოცემატაბულასთვისგამოყოფილი გრანტიც.

2025 წლის 16 აპრილს „ოცნებამ” დაამტკიცა ცვლილებები, რომლებითაც მთავრობის ნებართვის გარეშე გრანტის გაცემა აიკრძალა. კერძოდ, დონორებს გრანტის გასაცემად მთავრობის ან უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა დასჭირდებათ. აპრილში მიღებული კანონით, საჭირო გახდება მთავრობის ან უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა გრანტის მიზნის ცვლილებისთვის.

„ოცნებას“ თავისსავე მიღებულ ცვლილებებში ისევ შეაქვს ცვლილებები. პარტიის წევრების ცნობით, ზოგიერთი საკითხი „დაზუსტებას საჭიროებს“.