ტაბულა: რეჟიმმა ბრიტანეთის მთავრობას დროულად არ უპასუხა, რის გამოც პროექტი გაგვიუქმდა

პუბლიკა
content image

ონლაინ გამოცემა „ტაბულა“ აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გრანტი მოიგო, თუმცა, „ქართული ოცნების“ რეპრესიული კანონმდებლობის და ქმედებების გამო, ბრიტანეთმა პროექტი გააუქმა.

„ტაბულას“ განცხადების თანახმად:

„ტაბულამ” მოიგო გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გრანტი, 50 000 ფუნტის ოდენობით, რომელიც უნდა მოხმარებოდა თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებას.

ბრიტანეთის მთავრობამ გრანტის მიმღებთა დაცვის ამოცანით, ახლახან მიღებული გრანტების შესახებ კანონის მოთხოვნების შესაბამისად მიმართა რეჟიმს ნებართვისთვის.

რეჟიმმა გაერთიანებული სამეფოს მთავრობას საჭირო დროში პასუხი არ დაუბრუნა, რის შემდეგაც ბრიტანეთის მთავრობამ პროექტი გააუქმა და ქართულ საზოგადოებას რეჟიმის ანტიდემოკრატიული ქმედების შესახებ აცნობა.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა მთლიანად სცილდება მის ბუნებრივ წიაღს – თავისუფალ სამყაროს და რუსული ავტორიტარიზმის ჭაობში იძირება.

ამის მიუხედავად, ტაბულა გააგრძელებს ქართული საქმის კეთებას და საქართველოს დასავლური კურსის დაცვას, ხოლო საერთაშორისო პარტნიორები გააგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას თავისუფლებისთვის ბრძოლასა და ქართული საქმის კეთებაში“.

მანამდე დიდი ბრიტანეთის საელჩომ განაცხადა, რომ უწევთ, გააუქმონ საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობის მხარდაჭერას.

საელჩომ მიზეზად „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმების ან ვადების არარსებობა დაასახელა.

„საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვის შემდეგ, გვაცნობეს, რომ მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ არ არის დასრულებული. შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობს „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები.

სამწუხაროდ, ამ გაურკვევლობის გამო, გვიწევს, გავაუქმოთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას“, – წერია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.

2025 წლის 16 აპრილს „ოცნებამ” დაამტკიცა ცვლილებები, რომლებითაც მთავრობის ნებართვის გარეშე გრანტის გაცემა აიკრძალა. კერძოდ, დონორებს გრანტის გასაცემად მთავრობის ან უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა დასჭირდებათ. აპრილში მიღებული კანონით, საჭირო გახდება მთავრობის ან უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა გრანტის მიზნის ცვლილებისთვის.

მას შემდეგ „ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დააინიციირა საკანონმდებლო ცვლილებები, ვინაიდან, მათი განცხადებით, მათ მიერ მიღებული ნორმები „დაზუსტებას საჭიროებს“.