პაპუაშვილი: ნებისმიერი შედარება რუსეთთან მიუღებელი და დაუშვებელია

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს შედარება რუსეთთან მიუღებელია.

როგორც მან თქვა, პოლიტიკოსები თუ დიპლომატები მსგავს შედარებებს არ უნდა აკეთებდნენ.

„ნებიმისერი შედარება რუსეთთან არის აბსოლიტურად მიუღებელი და დაუშვებელი, მნიშვნელობა არ აქვს ვინ აკეთებს ამ შედარებას – ქართველი პოლიტიკოსი თუ უცხოელი დიპლომატი. ეს უნდა გააცნობიეროს ყველამ, მათ შორის ელჩებმა.

საქართველოს შედარება რუსეთთან, ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი არის მიუღებელი და არის შეურაცხყოფა ქართველი ხალხის. მითუმეტეს, რომ ამ შედარებას არ აქვს არანაირი საფუძველი, იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრიბთ ერთი მხრივ რუსეთზე, ქვეყანაზე, რომელშიც არის ტოტალიტარული რეჟიმი და ვსაუბრობთ დემოკრატიულ საქართველოზე. ამის არდანახვა შეუძლებელია.

მე მიკვირს ასეთი შედარებები რომ ვრცელდება. საქართველოს შედარება რუსეთთან არის დაუშვებელი და ამას ქართველი ხალხი არ მიიღებს. შეუძლებელია ტოტალიტარული რეჟიმი შეადარო დემოკრატიულ რეჟიმს, “- თქვა მან.

შალვა პაპუაშვილმა იმედი გამოტქვა, რომ დიპლომატები მოერიდებიან ქართველი პოლიტიკოსების, ხელისუფლებისა თუ ქვეყნის მიმართ რუსეთთან შედარებას.


თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ უარი თქვა რუსულ კანონპროექტებზე.

მოქალაქეები 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. დააკავეს ათობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა.

8 მარტს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრაზმის დანაყოფები გამოვიდნენ. დაშავდნენ მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, მათი თანამშრომლებიც. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 133 ადამიანი დააკავა.

მმართველი პარტიის დაპირების მიუხედავად, კანონპროექტების გაწვევის შესახებ, 9 მარტს კვლავ მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა პარლამენტთან. მოქალაქეებს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ – დროულად ჩანიშნულიყო პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონპროექტს ჩააგდებდნენ და მეორე – გაეთავისუფლებინათ აქციებზე დაკავებულები.

10 მარტს 12 საათზე პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა ჩააგდო პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ხოლო მეორე კანონპროექტი „უცხოური აგენტების  რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც არ იყო მიღებული პირველი მოსმენით, ინიციატორებმა პარლამენტიდან გაიწვიეს.