პარლამენტი დღეს 6 საათიდან შენობაში დაშვების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დღეს 18:00 საათიდან „საქართველოს პარლამენტის სასახლესა და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა.

„აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


დღეს დილით პარლამენტის შენობის შესასვლელებთან რკინის ღობეები აღმართეს.

გუშინ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ 6 ნოემბერს რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე გაჟღერებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, ამიტომ მომდევნო საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე 8 ნოემბერს, 8 საათზე გაიმართება.

აქციის მოთხოვნაა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 39-ე დღეა შიმშილობს, გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში.