პარლამენტმა არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

პუბლიკა

78 მომხრე, 0 წინააღმდეგი – პარლამენტმა მიიღო დადგენილება „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“.

დადგენილება ითვალისწინებს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას და მისი უფლებამოსილების ვადის 3 თვით განსაზღვრას.

დადგენილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები უნდა განსაზღვროს და დასამტკიცებლად ბიუროს წარუდგინოს.

რეგლამენტის მიხედვით, დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციონერი დეპუტატები რაოდენობრივად ან უმრავლესობის წევრებზე მეტნი უნდა იყვნენ და წარმოდგენილნი იყვნენ თანაბარი რაოდენობით.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა დადგენილების პროექტის განხილვის დროს განაცხადა, რომ იმისთვის, რომ კომისია ეფექტური გამოდგეს, მასში სრულფასოვნად უნდა ჩაერთოს ოპოზიცია.

„ოპოზიციას, რომელსაც ჰყავდა დამკვირვებლები 3 800-ვე უბანზე, რომლებმაც რეალურად მოახერხეს და მოაგროვეს ინფორმაცია, ეს ხალხი თუ არ იქნება ამ ყველაფერში ჩართული და ვხედავთ, რომ ისინი უარს აცხადებენ ამაზე, მე არ მგონია, რომ ამ კომისიამ საბოლოოდ იმ კითხვაზე გასცეს პასუხი, რაც საზოგადოებას აინტერესებს რა მოხდა არჩევნებზე?! მთლიანობაში, კომისიამ რომ დადოს სრულფასოვანი დასკვნა, ამისთვის აუცილებელია ოპოზიცია იყოს სრულფასოვნად წარმოდგენილი და კომისიის არსიც ამაში მდგომარეობს, ამიტომ არის, რომ ჩვენ ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ ამაში მონაწილეობისგან“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის სტატუსით „ევროპელი სოციალისტების“ წევრი დეპუტატები, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი ჩაერთვებიან.