პარლამენტმა განიხილა კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის საქმიანობის დისტანციურობას ითვალისწინებს

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა პარლამენტის რეგლამენტის პროექტში შესატანი ცვლილება, რომელიც, ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის საქმიანობის დისტანციურად
წარმართვის შესაძლებლობას ითვალისწინებს.

კანონპროექტის ინიციატორებმა განაცხადეს, რომ მსოფლიო, მათ შორის საქართველო, COVID-19-თან ბრძოლის გამოწვევის წინაშე დგას. მათი თქმით, ამ სიტუაციაში პარლამენტის საქმიანობის დისტანციურად განხორციელებისათვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი უნდა იქნეს უზრუნველყოფილი.

„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა, აუცილებელია, რომ ზემოაღნიშნული გამოწვევის მიუხედავად, პარლამენტმა შეძლოს გამართული და შეუფერხებელი საქმიანობა,” – წერია კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვის დასაბუთებაში.

რას გულისხმობს კანონპროექტი?

რეგლამენტის პროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
მე-2 მუხლს ემატება პუნქტი, სადაც რეგულირებულია ობიექტური გარემოებების
არსებობის შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
გადაწყვეტილებით საქართველოს პარლამენტის საქმიანობის დისტანციურად
წარმართვის შესაძლებლობა. ასეთი მიზეზი შეიძლება იყოს: საქართველოს პრეზიდენტის მიერ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადება, ობიექტური გარემოების არსებობისას, როდესაც შეუძლებელია პარლამენტის სასახლის გამართული ფუნქციონირება.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ რეგლამენტის პროექტით შემოთავაზებული ცვლილების განხორციელება
აუცილებელია, რათა რეგლამენტში გაჩნდეს შესაბამისი ჩანაწერი, რომელიც უზრუნველყოფს, საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტის საქმიანობა წარიმართოს
დისტანციურად, სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.

მოქმედი რეგლამენტის მიხედვით, საკითხების განხილვისათვის პარლამენტი იკრიბება მის ადგილსამყოფელში, საქართველოს დედაქალაქ თბილისში. ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში კი პარლამენტს არ აქვს სრული შესაძლებლობა,
დისტანციურად, ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით
იმოქმედოს.