პარლამენტმა საარჩევნო კოდექსის ცვლილებები 86 ხმით მიიღო

პუბლიკა

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მესამე, საბოლოო მოსმენით, 86 ხმით 3-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

რეფორმის შედეგად გაიზრდება პროპორციული წილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მაჟორიტარული არჩევნებისთვის კი 40%-იანი ბარიერი დაწესდება.

პარლამენტის ცნობით, პარცვლილებები კანონში წარმოდგენილია საარჩევნო სისტემის, საარჩევნო ადმინისტრაციის, წინასაარჩევნო კამპანიის, არჩევნების პროცესის, მისი შეჯამების და საარჩევნო დავების მიმართულებით.

კანონპროექტი ითვალისწინებს ცესკოს წევრთა რაოდენობის, შემადგენლობის და მათი არჩევის წესის, პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესის ცვლილებას.

პროექტი ითვალისწინებს ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ახალ წესსაც.

პროექტის მესამე მოსმენით მიღებამდე, პლენარულ სხდომაზე დამატებითი განხილვისათვის გადადებულ საკითხებზე იმსჯელეს და მხარი ორ დანართს დაუჭირეს. ერთი დანართით რეგულირდება თვითმმართველი თემებისა და თვითმმართველი ქალაქების (გარდა თბილისისა) საკრებულოს მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემებით არჩეული შემადგენლობები, ხოლო მეორე დანართით – საკრებულოს არჩევნებისთვის თვითმმართველ თემებში (გარდა თემების ადმინისტრაციული ცენტრებისა) ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების სახელწოდებები და საზღვრები.

საპარლამენტო ოპოზიციიდან ფრაქციებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ და „ლელომ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ საარჩევნო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს.