პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო

პუბლიკა

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსსა და რეგლამენტში ცვლილებები.

პროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, 6-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.

კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით გათვალისწინებულია ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილება და ოპოზიციის კვოტით ცესკოს მოადგილის თანამდებობის გაუქმება.

თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად 90 ხმა (3/5) იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ მოგროვდება, ხელახალ კენჭისყრაზე მხარდასაჭერად 76 ხმა (უმრავლესობით) იქნება საკმარისი.

კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი. თუ პირველ ჯერზე ვერ მოგროვდება 76 ხმა, მომდევნო სხდომაზე ხელახალი კენჭისყრა გაიმართება და 76 ხმით არჩეული კანდიდატები 5 წლის ვადით მიიღებენ უფლებამოსილებას.

იმ შემთხვევაში კი, თუ 76 ხმა მეორე ჯერზეც ვერ მოგროვდება, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.

ამავე ცვლილებით, ცესკოს თავმჯდომარეს ეყოლება ერთი მოადგილე, რომელიც აირჩევა პარლამენტის მიერ არჩეულ ან პრეზიდენტის მიერ დანიშნულ ცესკოს წევრთაგან.

მოქმედი კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაგან ერთს პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრებიდან ირჩევენ, მეორეს კი – ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულ ცესკოს წევრთაგან.

ოპოზიციის შეფასებით, ეს ცვლილებები ცესკოს ერთი პარტიის გავლენის ქვეშ მოაქცევს და არღვევს ევრორეკომენდაციებს.

კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება.


რა ცვლილებები შევიდა აქამდე საარჩევნო კოდექსში

საარჩევნო კოდექსში თავდაპირველად ცვლილება მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ შევიდა და განისაზღვრა, რომ ფართო კონსენსუსით მხარდაჭერილი თავმჯდომარის 5 წლით ასარჩევად საჭირო იყო 100 დეპუტატის მხარდაჭერა. თუ კანდიდატი 100 ხმას ვერ მიიღებდა, მას ხელახლა უყრიდნენ კენჭს და დეპუტატთა უმრავლესობით არჩეული კანდიდატი თანამდებობაზე 6 თვით ინიშნებოდა.

2023 წლის ზაფხულში მიღებული ცვლილებით შეიცვალა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად საჭირო ხმათა რაოდენობა.

მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული 100 ხმის ნაცვლად, მათი არჩევა 76 ხმით (დეპუტატთა უმრავლესობით) გახდა შესაძლებელი. „ოცნება“ განმარტავდა, რომ ეს ჩიხური სიტუაციიდანაა გამოსავალი, რადგან წარდგენილი კანდიდატები 100 დეპუტატის მხარდაჭერას ვერ იღებდნენ და ისინი თანამდებობაზე 6 თვით ინიშნებოდნენ.

ასევე, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტს ჩამოერთვა და პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეცა. პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ დაძლია.

ამის შემდეგ, დღეს მიღებული კანონით, კვლავ შეიცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი, თუმცა კანდიდატების წარდგენის პრეროგატივა ისევ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს.