პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პუბლიკა

77 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი – პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში” შესატან საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ ფრაქცია „ჩვენი საქართველო – დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა გედევან ფოფხაძემ მანდატურებს მოუწოდა, გადაეთვალათ სხდომათა დარბაზში  დეპუტატების რაოდენობა.

„77 ხმა რომ დაფიქსირდა, მე მგონია, რომ ეს არ არის რეალური ციფრი და გთხოვთ, ამონაწერი ამოვიღოთ და შევამოწმოთ, რეალურად 77-მა ადამიანმა მისცა თუ არა ხმა ორგანულ კანონს”, – აღნიშნა ფოფხაძემ.

სხდომათა დარბაზში ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

სხდომის განახლების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ გადამოწმდა კენჭისყრის შედეგები მანდატურის მიერ და დადასტურდა პარლამენტის წევრების შესაბამისი რაოდენობა.

„ამიტომ არანაირი საფუძველი იმისა, რომ გაბათილდეს კენჭისყრის შედეგები, არ არსებობს”, – აღნიშნა მან.


უმრავლესობის წევრების რატი იონათამიშვილისა და გურამ მაჭარაშვილის ავტორობით მომზადებული კანონპროექით ცვლილება შედის „საარჩევნო კოდექსში”, რის მიხედვითაც – „აკრძალულია ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის
ფარულობის დარღვევა. აღნიშნული ქმედება იწვევს დამრღვევის სისხლის
სამართლებრივ პასუხისმგებლობას”.

სისხლის სამართლის კოდექსში შესატანილი ცვლილებებით კი, არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი ზეგავლენის (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის) მიზნით ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, მათ შორის, ჩადენილი ამომრჩევლის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარით, ანდა მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, − ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე”.


დღეს გამართულ განხილვაზე უმრავლესობის გარეთ მყოფნა დეპუტატებმა კანონპროექტი გააკრიტიკეს. გედევან ფოფხაძემ დეპუტატებს პროექტის ჩაგდებისკენ მოუწოდა.

„გარწმუნებთ, რომ ამ კანონის მიღება დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯი არ არის, ეს არის თვალთმაქცობა. მე ვერ დავიჯერებ, რომ პარლამენტის წევრებმა არ იცით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და უშიშროების ჩარევა რომ ხდება საარჩევნო პროცესში. თუ არ იცით, კონკრეტულ ფაქტებს გეტყვით, მაგრამ არა ტრიბუნიდან. ყველამ ვიცით, რომ უშიშროება იყო ჩარეული არჩევნებში და სოსო გოგაშვილი იყო ჩარეული პარტიების საქმიანობაში. ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს!“, – განაცხადა ფოფხაძემ.

პროექტს უარყოფითად აფასებს ეკა ბესელიაც.

„არასწორი განმარტებები გაკეთდა, თითქოს „სისხლის სამართლის კოდექსში“ პირველად შემოდის, რომ დასჯადი ხდება ამომრჩეველზე ზეწოლა. ეს ჩანაწერი არის „სისხლის სამართლის კოდექსში“, უბრალოდ არასდროს გამოუყენებიათ პრაქტიკულად. ისევე როგორც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დამდგარა ისეთ უკანონო მოქმედებებზე, რომელიც ამომრჩევლს ნების გამოხატვაში ხელს უშლის. როცა არჩევნები დანიშნულია და არჩევნებამდე დარჩენილია 2 თვეზე ნაკლები, არ შეიძლება „საარჩევნო კოდექსი“ იცვლებოდეს, როგორი კეთილშობილური ქოლგაც არ უნდა მოარგოს ამას ხელისუფლებამ. ამ ცვლილებების მიღება აბსოლუტურად შესაძლებელი იყო იმ პაკეტთან ერთად, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ვიდრე სესია დაიხურებოდა“, – განაცხადა ბესელიამ.

მომხსენებელმა რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების” ხელისფლებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ეს [საარჩევნო] პროცესი ჩატარდეს „დემოკრატიულობის, ევროპული ხარისხის მაღალი სტანდარტით, რომ საარჩევნო გარემო იყოს მაქსიმალურად სამართლიანი და გამჭირვალე მათ შორის, მოხდეს საკანონმდებლო დონეზე ყველა შესაძლო რისკების და საფრთხეების პრევენცია და შეიქმნას შესაბამისი სამართლებრივი გარანტიები”.

„მნიშვნელოვანი არის ის ცვლილებები, რასაც ემსახურება ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ერთი მხრივ, მოხდეს პრევენცია იმისა, რომ ვერავინ განახორციელოს ამომრჩევლის აქტიურ საარჩევნო ხმის უფლებაზე ზეგავლენა და ვერავინ გაბედოს ამ ქვეყანაში ამომრჩევლის, ჩვენი მოქალაქის დაშინება, იძულება, ან მისი ფარულობის დარღვევა. შესაბამისად, თუ ასეთი ფაქტები სადმე იქნება, ამას მოყვეს აუცილებლად პროპორციული და სამართლიანი შეფასება და რეაგირება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.