საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს. კენჭისყრაზე საკითხი შენიშვნების გათვალისწინების დათქმით გავიდა („ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი კობახიძე, სხდომაზე ინიციატივით გამოვიდა, რომ ის ნორმები, რომლებიც დგინდება ახალი კანონპროექტით, იყოს დროებითი, გაწერილი გარდამავალ დებულებებში).
ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება, რომ საგანგებო მდგომარეობის გარეშე მთავრობამ საკარანტინო ღონისძიებების ფარგლებში რიგი შეზღუდვები დააწესოს.
კერძოდ, კანონპროექტით, ტერმინის „საკარანტინო ღონისძიებების“ განმარტება დღეს არსებულ ჩანაწერთან შედარებით ფართოვდება და ამის საფუძველზე საკარანტინო ღონისძიებების ფარგლებში შესაძლებელი ხდება, შეიზღუდოს:
►საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება; პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება;
►საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება;
► ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.
კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.
საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები უმრავლესობის წევრები არიან. მათი თქმით, აუცილებელია, არსებობდეს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და იმგვარი რეგულაციები და ისეთი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა, რომლებიც სახელმწიფოს მისცემს ბერკეტებს, სწრაფად და ეფექტიანად გაუმკლავდეს დაავადებას.
„შესაბამისად, საჭირო და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოშიც დაიხვეწოს შესაბამისი საკანონმდებლო ნორმები, რათა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც შესაძლებელი იყოს ეფექტიანი ღონისძიებების გატარება პანდემიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროცესების სწორად წარმართვას”, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობამ ამ კანონში დაგეგმილი ცვლილებები უარყოფითად შეაფასა.
TI-ის შეფასებით, წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად სრულიად გამორიცხულია ამ პროცესში პარლამენტის მონაწილეობა. რადგან, მათი განმარტებით, საკარანტინო ღონისძიებებს მთავრობა პარლამენტის გარეშე განსაზღვრავს და ადამიანის უფლებათა შეზღუდვა, ყოველგვარი დამატებითი კონტროლისა და პროცედურების გარეშე, მთავრობის კომპეტენცია ხდება.
კანონპროექტს ასევე უარყოფითად აფასებენ ის დეპუტატები, რომლებიც არ არიან უმრავლესობაში. მათი თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და საპარლამენტო კონტროლს მიღმა მთავრობას ერთპიროვნული, ავტოკრატიული გადაწყვეტილებების ბერკეტს აძლევს. დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა” პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებისკენაც მოუწოდეს.
ამავე თემაზე:
► დეპუტატების შენიშვნები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის“ კანონპროექტზე;
► დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს შეიცავს – EMC;
► საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შემზღუდავი ღონისძიებები არაკონსტიტუციურია – TI;
► აუცილებელია ამ შეზღუდვების დაწესება პარლამენტის ნებართვით ხდებოდეს – გოცირიძე;