პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსი“ მიიღო

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსი“ საბოლოოდ, მესამე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტს კენჭისყრაზე მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა.

თავდაცვის კოდექსი“ აწესრიგებს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასთან, სამხედრო პოლიციასთან, სამხედრო სამსახურთან, სამხედრო აღრიცხვასთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან, პროფესიულ სამხედრო სამსახურთან, თავდაცვის ძალების რეზერვთან და სარეზერვო სამხედრო სამსახურთან, სამხედრო განათლებასთან, საერთაშორისო სწავლებასთან, სამშვიდობო ოპერაციასთან წახალისებასა და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან, საომარ მდგომარეობასთან და თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

„თავდაცვის კოდექსის“ განხილვისას საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან თავიდან აცილების წესის ცვლილებამ.

კანონიდან ამოღებულია მუხლი, რომელიც სამხედრო სამსახურიდან ათავისუფლებდა სასულიერო პირებს. ძალას კარგავს „გირჩის“ „ბიბლიური თავისუფლების“ საბუთიც. ამის მიუხედავად, შეღავათი შეეხებათ მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურებს, რადგან სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის 2002 წელს დადებული კონსტიტუციური შეთანხმების მე-4 მუხლი განსაზღვრავს, რომ სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისგან.

კანონის მიხედვით, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში სავალდებულო გაწვევას ექვემდებარება 18 წლიდან 27 წლამდე პირი.

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან თავისუფლდება:

ა) პირი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის შეუსაბამოდ არის ცნობილი;

ბ) პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური ან სამხედრო სამსახურის ალტერნატიული სამსახური უცხო ქვეყნის სამხედრო ძალებში გაიარა;

გ) პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის არის ნასამართლევი;

დ) პირი, რომელსაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი;

ე) პირი, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადა ამოიწურა, − ამ ვადის ამოწურვიდან აღნიშნული სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა;

ვ) პირი, რომელმაც გაიარა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური;

ზ) პირი, რომელიც არის ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის 1 წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლის დროს;

თ) საქართველოს პარლამენტის წევრი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია შესაბამისი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გაათავისუფლოს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი.

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება:

ა) პირს, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის დროებით (1 წლამდე ვადით) შეუსაბამოდ არის ცნობილი;

ბ) პირს, რომელიც წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის შეზღუდულად შესაბამისია (3 წლამდე ვადით);

გ) პირს, რომლის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, − შესაბამისი ორგანოს მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე;

დ) პირს, რომელიც არის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, − სწავლის დამთავრებამდე, უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე;

ე) პირს, რომელიც არის უმაღლესი სამედიცინო განათლების დიპლომის შემდგომი საფეხურის რეზიდენტი ან/და რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომის შემდგომი განათლების საფეხურზე მყოფი პირი, რომელიც სარეზიდენტო პროგრამის დადგენილ ვადაში გადის პროფესიულ მზადებას ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში, − სარეზიდენტო პროგრამის დამთავრებამდე;

ვ) პირს, რომელიც არის პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პროფესიული სტუდენტი,  შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე, მხოლოდ ერთხელ, თუ არ უსარგებლია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ამ ნაწილის „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ზ) პირს, რომელიც არის აპლიკანტი, − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს, საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვამდე;

თ) პირს, რომელიც არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე, − 20 წლამდე;

ი) პირს, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, − ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადებამდე, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემთხვევაში − იმავე წელს ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე;

კ) პირს, რომელიც აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს დარეგისტრირდა საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, − საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გამოცხადებამდე, საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგების გამოცხადებამდე, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვამდე;

ლ) პირს, რომელმაც აკადემიური უმაღლესი განათლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოთხოვნით მიმართა გამწვევ კომისიას, − აკადემიური უმაღლესი განათლების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი განცხადების შეტანამდე, ხოლო აღნიშნული განცხადების შეტანის შემდეგ − იმავე წელს ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე;

მ) პირს, რომელიც უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების წელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა რეზიდენტურაში ჩასარიცხ კონკურსზე, − რეგისტრაციის წელს გამოცხადებული კონკურსის დასრულებამდე, ხოლო კონკურსის შედეგების საფუძველზე რეზიდენტურაში საკონკურსო ადგილის დაკავების შემთხვევაში − იმავე წელს ამ ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე;

ნ) პირს, რომელსაც ჰყავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრი (მეუღლე, შვილი, დედა, მამა, და, ძმა, პაპა, ბებია), რომელსაც არ ჰყავს სხვა მხარდამჭერი. თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრთან ცხოვრობს პირი, რომელიც ასევე ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლას, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაიწვევა ასაკით უფროსი პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასაკით უმცროსი პირი ნებაყოფლობით გამოხატავს წერილობით თანხმობას წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლაზე;

ო) პირს, რომელსაც ჰყავს ორი ან ორზე მეტი შვილი; პ) პირს, რომლის კმაყოფაზეა არასრულწლოვანი და ან ძმა;

ჟ) პირს, რომელიც დედის ან მამის ერთადერთი შვილია;

რ) პირს, რომელიც მუშაობს სოფელში ექიმად ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლად;

ს) პირს, რომელსაც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიანიჭა;

ტ) პირს, რომელსაც ჰყავს ერთი შვილი, − შვილის შეძენის დღიდან 3 წლის ვადით;

უ) პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ახორციელებს პედაგოგიურ ან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას;

ფ) პირს, რომელიც არის მარტოხელა მამა, რომელსაც გარდაცვლილი ჰყავს მეუღლე ან რომლის მეუღლეს ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება;

ქ) პირს, რომელიც არის საქართველოს სახელმწიფო ან ადგილობრივი 81 ხელისუფლების არჩევითი ორგანოს წევრი;

ღ) პირს, რომელიც მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემაში და ახორციელებს იმ უფლებამოსილებას, რომელსაც ახორციელებდა ამ ქვეპუნქტში მითითებულ დაწესებულებაში გაწვეული წვევამდელი ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის ამოქმედებამდე;

ყ) პირს, რომლის მიმართ გამოყენებულია პირობითი მსჯავრი, − აღნიშნული მსჯავრის დასრულებამდე;

შ) პირს, რომელიც ჩაირიცხა რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე, − ამ პროგრამის გავლის პერიოდში;

ჩ) პირს, რომელმაც გადაიხადა ამ კოდექსით დადგენილი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ს“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების მისანიჭებლად გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე. აღნიშნული კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

ამავე კანონით, განისაზღვრა წვევამდელის მიერ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა.

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის ოდენობა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის 1 კალენდარული წლით გადავადებისთვის 5 000 (ხუთი ათასი) ლარია.

პირს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდის უფლებით შეუძლია ისარგებლოს 25 წლის მიღწევამდე.

რელიგიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ამბობენ, რომ „თავდაცვის კოდექსი“ დისკრიმინაციულია.

კანონის შინაარსს არ ეთანხმება „გირჩი“.