პარლამენტში ომბუდსმენის არჩევის წესზე რეგლამენტში ცვლილებების პროექტის განხილვა დაიწყო

პუბლიკა

პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა დაიწყო.

პროექტი დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განიხილეს, ახლა კი მას განიხილავს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტიც. პროექტი, სავარაუდოდ, პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზეც გავა.

რეგლამენტში ცვლილების პროექტის მიხედვით,  სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესი იწერება. რეგლამენტის გარდამავალ დებულებებს დაემატება სპეციალური მუხლი.

დროებითი წესის მიხედვით, სახალხო დამცველის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს კანდიდატურები წარედგინება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით.

თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, წარდგენამდე კანდიდატურები ფასდებიან სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლების მიერ, კეთილსინდისიერების, მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის, მაღალი რეპუტაციის, სათანადო პროფესიული ცოდნისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების კრიტერიუმების გათვალისწინებით.

პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარისთვის აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭების მიზანს წარმოადგენს კანდიდატის შერჩევის პროცესის მაქსიმალურად მაღალი გამჭვირვალობითა და სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალურად აქტიური ჩართულობით წარმართვისთვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნა იმ ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად, რაც დასახულია მათ შორის ევროკომისიის ზემოაღნიშნული 12 რეკომენდაციის ფარგლებში.

პროექტში განმარტებულია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, გათვალისწინებული იქნება განაცხადების მიღების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გამოქვეყნების ვალდებულება. ამასთანავე, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით განისაზღვრება სპეციალური შეფასების სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის აკადემიური და პროფესიული წრეების ჩართულობა. იგეგმება შეფასების სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განსაზღვრა 9 წევრით.

პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენამდე კანდიდატურები შეფასდებიან სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა:

  • კეთილსინდისიერება;
  • მაღალი რეპუტაცია;
  • მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა;
  • სათანადო პროფესიული ცოდნა (კვალიფიკაცია, აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო მიღწევები და სხვა);
  • პრაქტიკული გამოცდილება ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში.

სამუშაო ჯგუფის მიერ კანდიდატთა შეფასების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტებს შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს პარლამენტს წარუდგინონ კანდიდატები იმ პირთაგან, ვინც მიმართავს საქართველოს პარლამენტს შეფასების პროცესში მონაწილეობის მისაღებად. განისაზღვრება, რომ წარდგენილი კანდიდატების საერთო რაოდენობა არ უნდა იყოს 7-ზე ნაკლები.

პარლამენტი სახალხო დამცველს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით (90 ხმა) ირჩევს. კენჭისყრა ფარულია.