პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის მამა დააკავეს

პუბლიკა

ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ჩანდა, როგორ გაიყვანა გიგორიადისი პოლიციამ როცა ის კარვის გაშლას ცდილობდა.

„პუბლიკა“ შსს-ს დაუკავშირდა. დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

მე-5 დღეა, ბექა გრიგორიადისი პარლამენტის უკან კარვის გაშლას ცდილობს, თუმცა პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს.

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის თქმით, უწყვეტი აქციები დაიწყო.

კარვის ჩამორთმევის შემდეგ, 29 მაისს, „პუბლიკა” ბექა გრიგორიადისს ესაუბრა. მისი თქმით, ლაზარე გრიგორიადისი მხოლოდ მისი განსხვავებულობის და მთავრობის საწინააღმდეგო აქციებზე სიარულის გამოა დაკავებული, რადგან მტკიცებულებებში „არ ჩანს უშუალოდ ლაზარეს ხელით გასროლილი მოლოტოვის კოქტეილი, საერთოდ არ არის გარჩევადი კონკრეტული სახეები”. ბექა გრიგორიადისი ამბობს, რომ ბრძოლის გაგრძელებას იქამდე აპირებს, სანამ სამართალს არ მიაღწევს.