პარტიის აკრძალვა ადამიანის ძირითად უფლებაში ჩარევის ერთ-ერთი უმძიმესი ფორმაა - კობახიძე „ალტ-ინფოზე“

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს დღეს ბრიფინგზე სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელზე ჰკითხეს, პრორუსული, ჰომოფობიური და ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ პარტიის აკრძალვის შესახებ.

კობახიძემ განაცხადა, რომ პარტიის აკრძალვა ადამიანის ძირითად უფლებაში ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა. მისივე თქმით, სახალხო დამცველმა თავის თავზე პროკურორის ფუნქცია აიღო, რაც მის მანდატს ეწინააღმდეგება.

„ჩვენ, ბუნებრივია, „ალტ-ინფოს“ მიმართ არავითარი სიმპათიები არა გვაქვს, მით უმეტეს რამდენიმე დღის წინ ოფისთან იყვნენ მოსულები და გვაგინეს, მაგრამ, რაც შეეხება სახალხო დამცველის ინიციატივას, როგორც იურისტი, შევაფასებდი, რომ სახალხო დამცველი თავისი ფუნქციით არის მთავარი ადვოკატი, ანუ ეს არის მისი კონსტიტუციური ფუნქცია და ყოველ ჯერზე მაშინაც კი, როდესაც საქმე ეხება მიუღებელ ადამიანს, დამნაშავეს, ის უნდა აკვირდებოდეს იმას, თუ რამდენად არის მისი უფლებები დაცული.

ამ შემთხვევაში კომიკური რა არის – როდესაც საქმე ეხება პარტიის აკრძალვას, ეს არის ამ ძირითად უფლებაში (პარტიების თავისუფლება არის ადამიანი ძირითადი უფლება), ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა, შეიძლება,  ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ჩარევის მძიმე ფორმაა. ასეთ დროსაც სახალხო დამცველი ყველა შემთხვევაში უნდა გამოდიოდეს როგორც ადვოკატი, თუმცა სახალხო დამცველმა, რომელიც არის კონსტიტუციის მიხედვით ადვოკატი, თავის თავზე აიღო პროკურორის ფუნქცია, რაც ზუსტად ეწინააღმდეგება მის მანდატს“, – განაცხადა კობახიძემ.

„ოცნების“ თავმჯდომარეს ბრიფინგზე პრეზიდენტის განცხადების შესახებაც ჰკითხეს – სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას აკრიტიკების იმის გამო, რომ 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების ფიგურანტები დღემდე არ დაუსჯიათ.

კობახიძემ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პრეზიდენტს არც ერთი ფაქტი არ მოუყვანია მაგალითად, რაც მისი პასუხისმგებლობაა „ენჯეოებისა და ოპოზიციისგან განსხვავებით“.

„5 ივლისის დღეს ჩადენილი დანაშაულები არის პირდაპირ დაკავშრებული 12 პუნქტთან. ანუ ერთ-ერთი პუნქტი უკავშირდება სწორედ ამას, გამოძიებასთან დაკავშირებით სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და ჩვენ ამასთან დაკავშრებითაც ჩვენი გეგმა წარმოვადგინეთ და ვთქვით, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტი უზრუნველყოფს ამ თემასთან დაკავშირებით სრულ გამჭვირვალობას და ინფორმაციის გასაჯაროებას“, – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის რეპლიკას, რომ საქმის გამოძიება პროკურატურის საქმეა და არა ადამიანის უფლებათა კომიტეტის, კობახიძემ ასე უპასუხა:

„ამიტომ ვაკონკრეტებთ, რა თქმა უნდა, გამოძიება არის პროკურატურის საქმე და მეტიც, პარლამენტს საერთოდ არ შეუძლია ჩარევა ინდივიდუალური საქმეების განხილვაში, ეს არ შედის საზედამხედველო ფუნქციაში, მაგრამ სწორედ ამიტომ დავაკონრეტეთ ჩვენ, რომ ინფორმაციის გასაჯაროება და სრული გამჭვირვალობა იქნება ადამიანის უფლებათა კომიტეტის პასუხისმგებლობა, ეს მოხდება პროკურატურასთან და შსს-სთან თანამშრომლობით“, – აღნიშნა მან.

ბირფინგზე კობახიძეს ჰკითხეს, რახან „ალტ-ინფო“ ხელს უშლის ევროინტეგრაციას, აპირებს თუ არა მმართველი პარტია მხარი დაუჭიროს მოძალადეების მიერ შექმნილი „ალტ-ინფოს“ აკრძალვას.

„კონსტიტუციის მიხედვით, არსებობს მოსარჩელე სუბიექტი, ეს შეიძლება იყოს პრეზიდენტი, შეიძლება იყოს პარლამენტართა რაოდენობა, მთავრობა და ერთადერთი სუბიექტი, ვისაც შეუძლია პარტიის აკრძალვა ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო. შესაბამისად, ერთ-ერთ სუბიექტს ინტერესის შემთხვევაში შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საბოლოოდ ის მიიღებს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, როდესაც საქმე ეხება მოძალადე ჯგუფებს, პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობა“ ახსენდება, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 9 წლის განმავლობაში ძალადობდა და რომელიც საზოგადოებაზე ძალადობას აგრძელებს ოპოზიციის რიგებიდან.

ჟურნალისტმა „ოცნების“ თავმჯდომარეს ჰკითხა, სვამს თუ არა ტოლობის ნიშანს „ალტ-ინფოსა“ და ენმ-ს შორის:

„არა, მეტობას ნიშნავს „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ, არავითარი ტოლობის ნიშანი…

რაც შეეხება „ალტ-ინფოს“… „ნაცმოძრაობაზე“ მეტი რუსი არ არის საქართველოში არავინ არ არის, 20% რუსეთს ჩააბარა არა „ალტ-ინფომ“, არამედ „ნაცმოძრაობამ“ და სტრატეგიული ობიექტები რუსეთს ჩააბარა „ნაცმოძრაობამ“ და არა „ალტ-ინფომ“, შესაბამისად, „ნაცმოძრაობაზე“ მეტი რუსი საქართველოში არავინ არ არის“, – განაცხადა კობახიძემ.

ბრიფინგზე კობახიძეს ჟურნალისტმა შეახსენა, რომ „ალტ-ინფო“ აჭარაში რუსული ბაზის განთავსებას მოითხოვს, არის თუ არა ეს პრობლემა მმართველი პარტიისთვის და უნდა აიკრძალოს თუ არა ის?

„პრობლემა, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ მე სხვა რამეს გეუბნებით, შეიძლება ისინი ამბობენ, რომ უნდათ რუსული ბაზა დამატებით საქართველოს კიდევ ერთ რეგიონში, მაგრამ მეორე მხარეს არის „ნაცმოძრაობა“, რომელმაც ამას ხორცი შეასხა“, – აცხადებს კობახიძე.


საქართველოს კონსტიტუცია.  მუხლი 23. პოლიტიკური პარტიების თავისუფლება

დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის შექმნა ტერიტორიული ნიშნით.

პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

LB loan image desktop LB loan image mobile