საპროტესტო აქციების გამო დაკავებულთა ოჯახის წევრებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს და გამოეხმაურნენ მოშიმშილე პატიმრის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის წერილს, რომელშიც ის წერს, რომ მასთან საპატიმროში ადვოკატი დავით გამყრელიძე შევიდა, რომელიც აღიარებით ჩვენების მიცემას სთხოვდა.
პატიმრების ოჯახის წევრები მომხდარს „ქართული ოცნების” „უბინძურეს პოლიტიკად“ აფასებენ და მიიჩნევენ, რომ „ოცნება“ ცდილობს უდანაშაულო ადამიანების „დანაშაულებრივ ჩანაფიქრში ჩათრევას“.
„პოლიტიკური პატიმრებისა და რეჟიმის ტყვიების ოჯახის წევრები ვაცხადებთ შემდეგს, რომ ხელისუფლებას დაწყებული აქვს უბინძურესი პოლიტიკა იმ მიმართულებით, რომ პოლიტიკური პატიმრები ჩაითრიონ ამ თავიანთ დანაშაულებრივ ჩანაფიქრში, მიაღწიონ რომელიმე მათგანის აღიარებას. დაუშვან პრეცედენტი, რომ პოლიტიკური პატიმრებისგან არის კატეგორია, რომელიც აღიარებს დანაშაულს და არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები.
ეს პროცესი დე ფაქტო ხელისუფლებას იმისთვის სჭირდება, რომ თავი იმართლოს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, ანუ საზოგადოებას უმტკიცებს შიგნითაც და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ესენი არ არიან პოლიტიკური პატიმრები და ამათ მიმართ რეალურად არსებობს სისხლის სამართლის საქმეები.
კატეგორიულად მინდა განვაცხადო, რომ არცერთ საქმეში არ არსებობს სისხლის სამართლის მტკიცებულებები, დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, წინასწარი ორ თვიანი პატიმრობის ვადებიც იმიტომ გაახანგრძლივეს, რომ რაღაც მოეპოვებინათ, მაგრამ ეს შეუძლებელია, რაც არ არსებობს ვერ მოიპოვებ. აქედან გამომდინარე გადაწყვიტეს, რომ აღიარებითი ჩვენებით მიაღწიონ კრიმინალიზაციას ამ ახალგაზრდების და მოცემული პოლიტპატიმრების. ეს არის გადმონაშთი საბჭოთა კავშირიდან. საბჭოთა კავშირში არსებობდა გენერალური პროკურორი, რუდენკო, რომელიც აღიარებას მიიჩნევდა მართლმსაჯულების მთავარ ფაქტორად და დედად.
სწორედ ასე უნდათ მათ, ვინაიდან ქვეყანა დღეს მიდის რუსეთისკენ და საბჭოთა კავშირისკენ. საბჭოთა კავშირის დროინდელი მეთოდებით უნდა, რომ გაასამართლონ ეს ბიჭები.
მოვუწოდებ პატიმრებს, იყავით მხნედ, მედგრად, ყოჩაღად. ბევრი არ არის დარჩენილი. თქვენთან არის სიმართლე, ღმერთი. თქვენთან არის საქართველოს დიდი უმრავლესობა, საერთაშორისო საზოგადოება. თქვენ არ ხართ დამნაშავეები, თქვენ წელში გამართული, თავაწეული გამოხვალთ და თქვენს გასაკეთებელს გააკეთებთ სამშობლოს გასაბრწყინებლად. გამარჯვებას გისურვებთ,” – განაცხადა ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ.
დღეს, ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ, მოშიმშილე ნიკოლოზ ჯავახიშვილთან, რომელსაც ის იცავს, შევიდა ადვოკატი დავით გამყრელიძე და მას დანაშაულის აღიარება, სხვებისთვის „ხელის დადება” და საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა.
ავსაჯანიშვილის თქმით, ეს ოჯახთან შეუთნახმებლად მოხდა.
საპროცესო შეთანხმების გაფორმებას პროკურორის შეთავაზება და ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარება სჭირდება.
ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა „პუბლიკას” მიაწოდა ნიკოლოზ ჯავახიშვილის წერილიც, რომელშიც პატიმარი მას წერს:
„ჩემთან 7 თებერვალს შემოსული იყო ვინმე დავით გამყრელიძე. გამეცნო, როგორც ადვოკატი, რომელიც არ იყო ჩემი ოჯახის მიერ დაქირავებული ან შემოგზავნილი. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მარწმუნებდა, მეღიარებინა ის დანაშაული, რომელიც არ ჩამიდენია და სხვებისთვის დამედო ხელი. რა თქმა უნდა, მან ჩემი დარწმუნება ვერ შეძლო. ასეთი არაკაცური საქიცელის ჩადენის და ტყუილად დანაშაულის თავზე დაბრალების, როცა მსგავსი არაფერი ჩამიდენია. არ ვიცი, რა მოტივაცია ჰქონდა ამ ადამიანს ან რა განზრახვა ამოძრავებდა”.
დავით გამყრელიძე გახდა გაზაფხულის საპროტესტო აქციების დროს 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაპატიმრებული ომარ ოკრიბელაშვილის ადვოკატი საქმის განხილვის ბოლო ეტაპზე.
საქმის რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ ომარ ოკრიბელაშვილს და 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების საქმეზე მასთან ერთად ბრალდებულ საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. მათ ბრალი აღიარეს – წარდგენილი 187-ე მუხლის მეორე ნაწილით და დაეთანხმნენ მათთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.
შეთანხმების მიხედვით, ისინი დამნაშავედ იქნენ ცნობილი ნივთის ჯგუფურად დაზიანებაში, მათ პენიტენციურ დაწესებულებაში 1 წლის და 6 თვის გატარება მოუწევთ, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა კი ჩაეთვლებათ პირობით მსჯავრად.
დავით გამყრელიძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილთან შეხვედრა სთხოვა ომარ ოკრიბელაშვილმა, რომელიც მისი „შინაურია“. გამყრელიძის თქმით, „ეს [ჯავახიშვილი] რომ შიმშილობდა, ომარს შეეშინდა, დამირეკა და მითხრა, ნახე და აუხსენი, რა ხდება და როგორ ვითარდება სამართლებრივი და იქნებ შემახვედრო“.
„ჩვეულებრივად შევახვედრე, ჩაეხუტნენ და თან დაველაპარაკე. ჩვეულებრივი ამბავია, რომ ბრალდებულს ჰკითხო ადვოკატმა, რა მიმართულებით გინდა, წაიყვანო [საქმე] – არ აღიარებ და ბოლომდე აწვები თუ გირჩევნია აღიარო, სასჯელის ნაწილი მოიკლო და შესაბამისად, გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება. ამას ველაპარაკები ყველას, ვისთანაც შევდივარ. ამაში რა არის დანაშაული, მე ვერ ვხვდები”. – ამბობს გამყრელიძე.
მისივე თქმით, თავად ნიკოლოზ ჯავახიშვილმა უთხრა, რომ „ვერ უღალატებს ბიჭებს, მაგრამ ამაზე იფიქრებს”.
მან ასევე თქვა, რომ შეხვედრაზე ნიკოლოზ ჯავახიშვილის ოჯახს არ შეატყობინა, ვინაიდან მშობლები მის საქმეში ჩართული არ არიან, ხოლო „ნიკას შეყვარებული ყავს თუ საცოლე, არ ვიცი და არც მაქვს კონტაქტი. რახან შეყვარებულია, ალბათ, თვლის, რომ ოჯახის წევრია. არ ვიცი”.
„პუბლიკასთან” ლაპარაკში დავით გამყრელიძემ ახსენა გიორგი ოკმელაშვილიც, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 თებერვალს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ოკმელაშვილს პოლიციელზე თავდასხმაში ედება ბრალი. პატიმარი ბრალს არ აღიარებს.