პენიტენციურმა სამსახურმა იოსებ გორგაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ გამოძიებას ჩხუბის და ძალადობის ფაქტი არ დაუდასტურებია.
„ბრალდებული ი.გ. №8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. დაწესებულებაში შესახლების დღიდან ბრალდებული იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. მას შესახლებისას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება და სათანადო კვლევები.
ამასთანავე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბრალდებულ ი.გ.-ს ან მის უფლებადამცველს დაწესებულებაში ყოფნის სრული პერიოდის განმავლობაში პენიტენციური სამსახურის და №8 დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ რაიმე სახის საჩივარი ბრალდებულის უფლებების დარღვევის შესახებ არ დაუფიქსირებიათ.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 23 იანვარს ბრალდებული ი.გ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. დაწესებულების ადმინისტრაციამ მყისიერად გამოიძახა 112-ის სასწრაფო დახმარების სამედიცინო ბრიგადა, რომელმაც ბრალდებული სამოქალაქო სექტორის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ბრალდებული ი.გ. იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულების კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, თუმცა 2025 წლის 4 მაისს გარდაიცვალა.
იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფებოდა ბრალდებულის ოჯახთან და სახალხო დამცველის აპარატთან.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა მყისიერად დაიყო გამოძიება და მიმდინარეობდა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. აღსანიშნავია, რომ ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დასტურდება.
ამჟამად, საგამოძიებო მოქმედებებში ჩართულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც. საზოგადოებას გამოძიების დასრულების შემდგომ ეცნობება შედეგების შესახებ.
ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, ბრალდებული ი.გ.-ს ოჯახის წევრებს, მის უფლებადამცველებს მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ინფორმაცია გამოძიების ეფექტიანად და სრულყოფილად წარმართვის ინტერესის გათვალისწინებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
იოსებ გორგაძე, რომელიც იანვარში გლდანის მერვე დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ მრავლობითი დაზიანებით გადაიყვანეს, გარდაიცვალა. ინფორმაციას „პუბლიკასთან“ ადასტურებს „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი.
მისი თქმით, ლეტალური შედეგი თავის ტვინის ტრავმის შედეგად განვითარდა.
„გარდაცვალების მიზეზი და სხვა დანარჩენი შეგიძლიათ, მოიკითხოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტში. პენიტენციურ დაწესებულებას როცა ეხება, ინფორმაციას გასცემენ ისინი. გუშინ გარდაიცვალა საღამოს 20:00-ზე. იანვრის შემდეგ ძირითადად იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში. ჩვენთან შემოვიდა დაზიანებების დიაგნოზით. დაზიანებების მიზეზი გამოძიების პრეროგატივაა“, – განაცხადა ჩხაიძემ.
იოსებ გორგაძის კლინიკაში მოთავსების შემდეგ გამოძიებას იუსტიციის სამინისტრო აწარმოებდა, ახლა კი სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჩაერთო.
უწყება გამოძიებას აწარმოებს მუხლით, რომელიც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.