პენიტენციური სამსახური 1 328, შსს – 950, სუსი – 311 – სამხედრო სავალდებულო გაწვევა გამოცხადდა

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევა გამოცხადდა.

დოკუმენტის მიხედვით, მოქალაქეთა გაწვევა 3 თებერვლიდან დაიწყება და 30 ივნისამდე გაგრძელდება.

დადგენილებით განსაზღვრულია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა. კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ:

თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1 400-ით;

იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს  1 328-ით;

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 950-ით;

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 311-ით;

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 200-ით.

ჯამში 4 189‬ ადამიანი.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილებზე უნდა აღმოუჩინოს დახმარება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობის სტრუქტურულ ერთეულებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.

დადგენილების მიხედვით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვევიან 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.

18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.