„პეპსის“ დისტრიბუციაში დასაქმებულებსა და კომპანიას შორის შეთანხმება შედგა

პუბლიკა

„პეპსის“ ოფიციალური სადისტრიბუციო კომპანია „იბერია რეფრეშმენტის“ გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანიას შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების დოკუმენტს ხელი რამდენიმე წუთის წინ მოეწერა, ხოლო მუშაობა ჩვეულ რეჟიმში ხვალიდან განახლდება.

„იბერია რეფრეშმენტის“ გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანიას შორის შეთანხმება სულ რვა პუნქტს მოიცავს:

  1. ექსპედიტორთა და ექსპედიტორთა დამხმარე მძღოლის ვიზიტის ანაზღაურება განისაზღვროს 50 თეთრით. (25 თეთრად გაწერით)
  2. მტვირთავის ფიქსირებული ხელფასის გარდა, ბონუსური სისტემის შემოღება.
  3. კომპანია იღებს ვალდებულებას გააფორმოს ყველა თანამშრომელთან შრომითი ხელშეკრულება.
  4. გააფორმოს კოლექტიური ხელშეკრულება.
  5. უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაზღვევა.
  6. უზრუნველყოს ანაზღაურებადი ბიულეტენი.
  7. არ გამოიყენოს არანაირი სანქცია გაფიცვაში მონაწილე პირების მიმართ.
  8. ორი თვის შემდეგ გადაიხედოს მოთხოვნები გაუმჯობესების მიზნით.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ხელფასის მატების მოთხოვნით მუშაობა შეწყვიტეს კომპანიაში დასაქმებულმა ექსპედიტორებმა, ექსპედიტორთა დამხმარეებმა და მტვირთავებმა.

პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენელმა ლიკა ჯოხაძემ „პუბლიკას“ განუცხადა, რომ გაფიცული იყო ჯამში 100-მდე დასაქმებული. 

„ზუსტად 5 დღის წინ დაიწყო კოლექტიური მოლაპარაკებები. ანუ 5 დღის წინ გადაწყვიტეს, რომ მოეთხოვათ ხელფასის მატება. გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ორ დღეში უნდა განხილულიყო და გულისხმობდა ხელფასების მომატების საკითხს. ხოლო, თუ არ იქნებოდა პასუხი, მაშინ უკვე უფლება ექნებოდათ დასაქმებულებს, რომ გაფიცულიყვნენ. შესაბამისად, არ დათანხმდნენ დღევანდელ შემოთავაზებას და დასაქმებულები გაიფიცნენ“, – უთხრა ლიკა ჯოხაძემ „პუბლიკას“.

პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლის თქმით, დამსაქმებლებმა დღეს განიხილეს გაფიცულების მოთხოვნები, რის შემდეგაც თავდაპირველად სიტყვიერი შეთანხმება შედგა.

„დასაქმებულებს ერთ დღეში სხვადასხვა მაღაზიაში უწევთ მისვლა და თითო ვიზიტზე მათ ბონუსად ჰქონდათ კონკრეტული რაოდენობის თანხა და ამ თანხაზე მოითხოვეს 25-თეთრიანი ბონუსი“, – თქვა ჯოხაძემ.

როგორც ლიკა ჯოხაძე თანამშრომელთა გაფიცვის შემდეგ „პუბლიკასთან“ ამბოდა, პროტესტის მონაწილეებს ხელფასის მატებასთან ერთად ჰქონდათ სხვა მოთხოვნებიც, რომლებსაც საბოლოოდ, კომპანიაც დაეთანხმა.

„დასაქმებულები ითხოვენ ჯანმრთელობის დაზღვევას. ბიულეტენს არ უნაზღაურებს კომპანია და ესეც იწერება მოთხოვნაში. ასევე, კოლექტიური ხელშეკრულების დადება პროფკავშირებთან და დასაქმებულებთან ერთად. კიდევ ერთი მუხლი არის, რომ ვინც გაფიცვაში მიიღო მონაწილეობა მასზე არანაირი სადამსჯელო სანქცია არ გავრცელდება“, – უთხრა ჯოხაძემ „პუბლიკას“ თანამშრომელთა გაფიცვის შემდეგ.