„ბოლომდე ნუ დამღუპავთ" | გამოსახლება ქართულად

„ბოლომდე ნუ დამღუპავთ" | გამოსახლება ქართულად

„ძმა მიკვდება ხალხო, გამიგეთ. 30 წელია, ფსიქიკურად ავადმყოფია. ფილტვები არ უმუშავებს, ბოლო სტადია აქვს ადამიანს. ნუ გამიწირავთ ერთადერთ ძმას. მოხუცი დედა გავარიდე აქაურობას. ვიცოდი, გული გაუსკდებოდა. შვილიშვილი გავარიდე, ორსული გოგო გავარიდე. ადამიანი უკანასკნელ მდგომარეობაში ვარ. ბოლომდე ნუ გამწირავთ და ნუ დამღუპავთ“, – ასე მიმართავდა აღსრულების პოლიციას ელგუჯა ბალახაძე, რომლის გამოსასახლებლადაც 8 ნოემბერს ზანდუკელის ორ ნომერში ბიუროს წარმომადგენლები იყვნენ მისულნი.

ოჯახისა და მათი მხარდამჭერების ძალისხმევით, აღსრულების პოლიციის წარმომადგენლებმა ბინაში შესვლა ვერ მოახერხეს. ბალახაძის ოჯახის გამოსახლების პროცესი დროებით გადაიდო.

ადგილზე აღსრულების პოლიციის გამოჩენისთანავე ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. მხარდამჭერებს სახლის შესასვლელი ბარიკადის შესაქმნელად მანქანებით ჩაეხერგათ. უწყების წარმომადგენელთა შეჩერებას წყლის შესხმით, დამუნათებით, ფიზიკური წინააღმდეგობით ცდილობდნენ.

საბოლოოდ, ოჯახის წევრის ავადმყოფობის კანონით გათვალისწინებული საფუძვლით გამოსახლება გადაიდო.

ელგუჯა ბალახაძე 56 წლისაა, ჰყავს 83 წლის ავადმყოფი დედა, შშმ პირის სტატუსის მქონე ძმა, ორი შვილი და ერთი შვილიშვილი.

„2016 წელს, ორი ავადმყოფის მისახედად, სამკურნალოდ და ოჯახური პირობების გამო დამჭირდა თანხა. 2016 წელს 6 000 დოლარი გამოვიტანე, ვიხდიდი პროცენტს, სამი წლის განმავლობაში ერთი გადაცდენილი დღე არ მქონია…  ჩემი ათვისებული თანხა და გადახდილი პროცენტები ოცი ათას დოლარამდე ავიდა. ამ ოცი ათასი დოლარის სესხის აღების მომენტში არანაირი დარღვევა არ მქონია.

… ჩემს საქმიანობაში გამიჩნდა პრობლემები და ვეღარ გავწვდი პროცენტის გადახდას გარკვეული პერიოდი. ოჯახიც სარჩენი მყავდა. ოთხ თვეში „რიკო კრედიტმა” 12 000 დოლარის ჯარიმა დამაწერა და საბოლოოდ, ახლიდან დავიწყე ამ 32 ათასი დოლარის გადახდა.

საბოლოო ჯამში, „რიკო კრედიტმა” ჩემი ქონება აუქციონზე გაიტანა, თვითონვე შეისყიდეს 17 ათას ლარად.

ყოველ მისვლაზე მეუბნებოდნენ, რომ შენი ქონება არ გვაინტერესებს, შემოიტანე ნაწილ-ნაწილ. ამის გამო სასამართლოსთვის არც კი მიმიმართავს. და ყოველთვის ვფიქრობდი, გარკვეული თანხის მოგროვების შემდეგ, ყოველთვის შევძლებდი ამ ვალის სრულად დაფარვას. დამისახელეს თანხა. ვიშოვე ეს თანხა და რომ მივედი, მითხრეს, რომ საბჭო აღარ იყო დაინტერესებული ამ სახლის გამოსყიდვის პირობებით.

არ გაითვალისწინეს არაფერი – არც ჩემი შეთავაზება, არც თანხა დამისახელეს. მათი მიზანი იყო, რომ მთლიანად დაესაკუთრებინათ ჩემი ქონება”, – ამბობს ბალახაძე „მაუწყებელთან”.

გამოსახლების გადავადების გარდა, ოჯახს მეორე მოთხოვნაც ჰქონდა – შეხვედროდა და მოლაპარაკება დაეწყო „რიკო კრედიტთან“. როგორც ელგუჯა ბალახაძე ამბობს, ის აპირებს, სრულად გადაიხადოს მასზე დაკისრებული ფინანსური ვალდებულება. კრედიტორს სთხოვს, უარი თქვას საკუთრებაზე და დასთანხმდეს ფულად სარგებელს. როგორც „პუბლიკასთან საუბრისას აღსრულების ბიუროს წარმომადგენელმა განაცხადა, ისინი კრედიტორსა და მოვალეს შორის შუამავლობას გასწევენ.

„რაც გადავიხადე –  ყველაფრის ამონაწერი მაქვს. რა პროცენტებიც უკანონოდ დამაკისრეს, არც მაგაზე მაქვს პრეტენზია, მაგასაც ვიხდი ძირ თანხასთან ერთად. ეს არის ერთადერთი ჩემი შეთავაზება. ვფიქრობ, რომ ამ საქმის სამართლიანი დასასრულიც ეს იქნებოდა”, – ამბობს ბალახაძე.

„ერთეული შემთხვევა შესაძლოა, ჩვენ შევძლოთ და გავაჩეროთ, მაგრამ გამოსახლებების საკითხი ერთეული შემთხვევებით არ სრულდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს უკანასკნელი საცხოვრებლიდან ადამიანთა გამოსახლდება“, – ამბობს ბექა წიქარიშვილი, წინააღმდეგობის ორგანიზატორი.