„წინაპრების ნივთებიც არ გამომიტანია სახლიდან“ | გამოსახლება კეკელიძეზე

„წინაპრების ნივთებიც არ გამომიტანია სახლიდან“ | გამოსახლება კეკელიძეზე

თბილისში კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების პოლიციამ დღეს ძალის გამოყენებით გამოასახლა. სადარბაზოსა და ბინაში შესასვლელად უწყების წარმომადგენლებმა კუთხსახეხი, ე.წ. ბარგალკა და რკინის სხვა ხელსაწყოები გამოიყენა.

მოქალაქეებსა და აღსრულების პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე საათს გრძელდებოდა. რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარების აღმოჩენაც დასჭირდა. აქციის რამდენიმე მონაწილემ პროტესტის ნიშნად ჩაამტვრია აღსრულების პოლიციის მანქანის ფანჯრები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციაზე ჯამში 20 ადამიანი დააკავა, მათ შორის 2 პირი სისხლის სამართლის წესით.

„ჩემი წინაპრების ნივთებიც არ გამომიტანია სახლიდან. რომ გამომათრიეს, წავიქეცი, კეფა დავარტყი, ერთი პატარა ზურგჩანთა მეჭირა, ისიც დავკარგე, სანამ მომათრევდნენ. სასწრაფოში გავახილე თვალი…

ასეთი თავისუფალი მე არასდროს ვყოფილვარ. მე არ მაქვს არაფერი; ვდგავარ აქ… მე არ დავიკარგები“, – მიმართა მხარდამჭერებს მარინა ხატიაშვილმა გამოსახლების შემდეგ.

„გამოსახლებები უნდა გაჩერდეს!“ – მოქალაქეები ამ იდეის მხარდასაჭერად მიმდინარე კვირაში კიდევ ორჯერ შეიკრიბებიან.

24 იანვარი, დილის 10 საათი – ცოტნე დადიანის 259, თბილისი.

26 იანვარი, დილის 10 საათი – ზანდუკელის 2, თბილისი.