„პოლიცია გამომწევად იქცევა" - ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციის მონაწილეები დააკავეს

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეიბს. პოლიციამ აქციაზე ძალის გამოყენებით პოლიციის მანქანაში ჩასვა აქციის ერთ-ერთი მონაწილე. ადგილზე მყოფი ლიდერები ცდილობენ, პოლიციასთან მისი დაკავების მიზეზი გაარკვიონ.

პოლიცია არ განამარტავს, რატომ გაიყვანეს ძალით გამოყენებით ერთ-ერთი მონაწილე.

„სპეციალურად იწვევდნენ ხალხს, მეც მიწვევდნენ, ძმაოთი მომმართავდნენ. ასე სამარცხვინოდ იქცევა პოლიცია, მრცხვენია, რომ ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე კახაბერ ალაზაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ძალის გამოყენებით პოლიციის მანქანაში ჩასვეს მამუკა გუგეშაშვილი. ადგილზე მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ პოლიცია დაკავებამდე გუგეშაშვილს მოუწოდებდა, გაეთავისუფლებინა შესასვლელი. „ვითომ კეტავდა. წამოიკიდეს, შესასვლელს რატომ კეტავო“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილე პოლიტიკოსები ჯანდაცვის სამინისტროსთან მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით აქციას მართავენ და შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრთან ითხოვენ.

„მოსული ვართ იმისთვის, რომ პარლამენტის წევრები შევხვდეთ ჯანდაცვის მინისტრს. ცივილიზებულად ვითხოვთ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხზე. პოლიციას მოვუწოდებთ თავი შეიკავოს უკანონო დაკავებებისგან და დემონსტრანტებს მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მიხეილ სააკაშვილი მე-40 დღეა შიმშილობს. ის გლდანის ციხის საავადმყოფოში იმყოფება. უარს აცხადებს კონსილიუმთან შეხვედრაზე და ითხოვს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას. მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. მისი თქმით, ის მოატყუეს და არ იყო ინფორმირებული რომ გლდანის ციხეში მიჰყავდათ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

LB loan image desktop LB loan image mobile