პოლიციამ თანასოფლელის მკვლელობისა და ცოლის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავა - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ეჭვიანობის ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს – 1981 წელს დაბადებულ ვ.ხ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ, კ.ს.-მ თავის მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ თ.გ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კ.ს. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები – დანა და სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დაკავებულია 1985 წელს დაბადებული პირი. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.