„პრევენციული ზომები ცალსახად საჭიროა" | პრორუსული „ალტ-ინფო" ძალადობას აორგანიზებს

პუბლიკა

პრორუსული, ძალადობრივი დაჯგუფება „ალტ-ინფო“ მორიგ ჰომოფობიურ და ძალადობრივ შეკრებას აორგანიზებს. მათი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების მთავარი ორგანიზატორი, ზურა მახარაძე სოციალურ ქსელში დეზინფორმაციას ავრცელებს და ამის საფუძველზე მოსახლეობის ორგანიზებას ცდილობს.

გამომდინარე იქიდან, რომ მოძრაობა „5 ივლისის” მსგავსად კვლავ ძალადობრივი მოწოდებებით გამოდის, „პუბლიკა“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს – რა რეაგირება ექნება უწყებას შესაძლო ძალადობის აღსაკვეთად და რა პრევენციულ ღონისძიებებს მიმართავს ის. ამ ეტაპამდე შსს ჩვენს შეკითხვებს არ პასუხობს.

როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს რეაქცია მსგავს მოწოდებებზე, რა უნდა მიიღოს მხედველობაში და რა ბერკეტი არსებობს კანონმდებლობაში, – ამ საკითხებზე „პუბლიკა” „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) თავმჯდომარეს ნონა ქურდოვანიძეს ესაუბრა.

ქურდოვანიძის თქმით, სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულებები, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა მიმართოს ყველა ზომას, რომელიც აუცილებელია, რათა არ მოხდეს მოვლენების ესკალაცია, ფიზიკური დაპირისპირება, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩადენა.

„საამისოდ უნდა მიიღოს სათანადო ზომები; პრევენციული ზომები აუცილებლად უნდა გატარდეს იმისათვის, რომ ხელი არ შეეშალოს დაგეგმილ ღონისძიებას და დაანონსებული კონტრშეკრება არ გადაიზარდოს ფიზიკურ ძალადობაში“, – განმარტავს ნონა ქურდოვანიძე.

მისივე თქმით, აღნიშნული განცხადება პირველ რიგში საყურადღებოა შსს-თვის, რადგან წარსულში მომხდარი არაერთი შემთხვევა მიუთითებს, თუ როგორ უძღოდა წინ საჯარო განცხადებები და მოწოდებები კონკრეტული ღონისძიების ჩაშლას და საბოლოოდ ასეთი მოწოდებები ახალისებდა ძალადობას.

„მაგალითად „5 ივლისის” მოვლენები ნათელი მაგალითია ამის, როცა მანამდე საჯარო მოწოდებების ფონზე სახელმწიფომ არ მიიღო ისეთი ზომები, რომელიც შესაძლებელს გახდიდა თავიდან ყოფილიყო აცილებული ძალადობის ფაქტები, რაც მოხდა“, – ამბობს ქურდოვანიძე.

ნონა ქურდოვანიძე ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაშიც, შსს-მ ამ ტიპის განცხადებებსა და მოწოდებებს აუცილებლად უნდა მიაქციოს სათანადო ყურადღება და უნდა მიმართოს  ყველა იმ ზომას, რომელიც შესაძლო ძალადობის პრევენციას მოახდენს.

„პრევენციული ზომების გატარება ერთმნიშვნელოვნად საჭიროა, რადგან იგეგმება შეკრება და პარალელური ღონისძიება, რაც საფრთხეს აჩენს, რომ შეიძლება, გარკვეული ექსცესები ან ძალადობრივი ქმედებები მოხდეს. თან ეს ხომ არ არის მხოლოდ ერთი განცხადება; წარსულის გამოცდილება და მაგალითები მიანიშნებს, რომ შესაძლებელია, ხოლმე, ამ ტიპის განცხადებები შემდგომ მაპროვოცირებელი იყოს გარკვეული ძალადობის.

შსს-ს და სახელმწიფოს ვალდებულებაა ამ ტიპის ძალადობის ფაქტების პრევენცია და ზომების მიღება, რომ რაიმე დაძაბულობა, ექსცესები, დანაშაული არ მოხდეს. ეს არის სწორედ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, თავიდან აირიდოს რაიმე გართულება და მიიღოს ზომები, რომ ეს გართულება არ მოხდეს“, – განმარტავს ქურდოვანიძე.

აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს კონკრეტული მუხლი, რომლის მიხედვითაც „ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება“ დასჯადია:

1. რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე.

2. იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზება რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო. ძალადობრივი, ჰომოფობიური, ულტრამემარჯვენე ორგანიზაციის, „ალტ-ინფოს“ წევრები საკუთარი არხის ეთერით მაყურებელს დანაშაულის ჩადენისკენ მოუწოდებენ, აქეზებენ ძალადობისკენ და 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ ძალადობრივ ჯგუფებში გაწევრების გზებსაც სთავაზობენ. „პუბლიკის” ვიდეოში ყურადღება გამახვილებულია „ალტ-ინფოს“ წევრ ზურა მახარაძის მოწოდებებზე, რომელიც ძალადობრივი მოვლენების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო.