„პროფესიული უფლებების შეზღუდვა" - ადვოკატთა ასოციაცია თუთბერიძის საქმეზე შსს-ს მიმართავს

პუბლიკა

„ადგილი აქვს ადვოკატის უფლებათა დარღვევის ფაქტებს და ადვოკატის პროფესიული უფლებების შეზღუდვას“, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატ შოთა თუთბერიძის უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ გუშინ, 8 თებერვალს  facebook-ის პირად გვერდზე ვიდეო გაავრცელა და განაცხადა, რომ დაცვის უფლების განხორციელების დროს დააკავეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კლიენტის დაკავებისას თუთბერიძემ სიტუაციის გარკვევისა და სამართლებრივი დახმარების გაწევის მიზნით, მოითხოვა კლიენტთან გასაუბრება, მაგრამ მას, როგორც ადვოკატს, არ მისცეს მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან კომუნიკაციისა და სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების უფლება.

„ადვოკატი განმარტავს, რომ პოლიციის მხრიდან მის მიმართ საადვოკატო საქმიანობის განხორციელების ხელშეშლასა და მისი უფლებების უხეშ დარღვევას ჰქონდა ადგილი, ასევე აცხადებს, რომ სახეზე იყო სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების შემთხვევა, კერძოდ მუქარის ფაქტები, რასაც შემდგომში მოჰყვა ადვოკატისათვის ხელბორკილების დადება და დაკავება“, – წერია განცხადებაში.

ასოციაციის მიერ გავრცელებულ განხცადებაში აღნიშნულია, რომ შეისწავლეს ადვოკატ შოთა თუთბერიძის განცხადება და მიაჩნიათ,  რომ ადვოკატის მიერ დაფიქსირებული პოზიცია არგუმენტირებული და საფუძვლიანია.

„კერძოდ, ადგილი აქვს ადვოკატის უფლებათა დარღვევის ფაქტებს და ადვოკატის პროფესიული უფლებების შეზღუდვას.

ადვოკატის სამართლებრივი დაცვის გარანტიები განმტკიცებულია „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლით. კერძოდ, „ადვოკატი თავის პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად და მასში ჩარევა დაუშვებელია“. ამასთან, „დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით ადვოკატის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევა“ წარმოადგენს დანაშაულს, გათვალისწინებულს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლით“, –  წერია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ საკითხზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა შინაგან საქმეთა მინისტრს განცხადებით მიმართა.