პროფკავშირების თავმჯდომარედ ირაკლი პეტრიაშვილი მეხუთედ აირჩიეს

პუბლიკა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების რიგით მე-14 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობამ გაერთიანების თავმჯდომარედ ირაკლი პეტრიაშვილი აირჩია. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან მიაწოდეს.

ირაკლი პეტრიაშვილის გარდა თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატი ყრილობაზე არ დასახელებულა. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარედ ირაკლი პეტრიაშვილი პირველად 2005 წელს აირჩიეს.

პროფკავშრების თავმჯდომარის მოადგილეებად აირჩიეს რაისა ლიპარტელიანი, ეთერ მათურელი, თამაზ დოლაბერიძე და ლავრენტი ალანია.

პროფკაშირების ცნობით,  საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაში 22 დარგობრივი პროფკავშირული ორგანიზაციიდან 213 დელეგატი იყო რეგისტრირებული. ყრილობაში მონაწილეობა კი 200 დელეგატმა მიიღო. მათგან ირაკლი პეტრიაშვილს მხარი დაუჭირა 184-მა დელეგატმა, წინააღმდეგი იყო 3, ხოლო 9 ხმა ბათილად იქნა ცნობილი.

„საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაერთიანების თავმჯდომარეს ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევს. პროფკავშირების თავმჯდომარის გამოსავლენად საჭიროა ერთ-ერთმა კანდიდატმა ყრილობის მონაწილე დელეგატთა ხმების ნახევარზე მეტი (50+1%) მიიღოს, “- ამბობენ პროფკაშირებში.

არჩევნები საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შენობაში გაიმართა. პროფკაშირების ცნობით, ირაკლი პეტრიაშვილი ასევე გახლავთ პროფკავშრების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (ITUC PERC) პრეზიდენტი.