პროფკავშირული საქმიანობის ჩახშობა, შეზღუდვა, დისკრიმინაცია - ომბუდსმენი შრომის ინსპექციას რეკომენდაციით მიმართავს

პუბლიკა

ზეწოლა პროფკავშირებში დასაქმებულ ადამიანებზე, შეხვედრებზე დასწრების აკრძალვა, პროფკავშირის წევრებისთვის სამუშაო ადგილზე მტრული სამუშაო გარემოს შექმნა, – პროფკავშირის წევრების უფლებების დარღვევის შესახებ, პროფკავშირების გაერთიანების მიერ შეტანილი საჩივრების საფუძველზე, სახალხო დამცველმა შრომის ინსპექციას ზოგადი წინადადებით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

როგორც პროფკავშირების მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, ცალკეული კომპანიების მხრიდან ადგილი ჰქონდა მათ კომპანიაში დასაქმებული, პროფკავშირის წევრი ადამიანების დისკრიმინაციას, რომელიც სხვადასხვა დამსაქმებლის მიერ სხვა და სხვა ქმედებით გამოიხატა:

„მაგალითად, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ზეწოლას ახდენდა დასაქმებულებზე, რათა დაეტოვებინათ პროფკავშირის წევრობა და დასაქმებულების მიერ დაგეგმილ გაფიცვას მასშტაბური ხასიათი არ ჰქონოდა.

ასევე, შპს „ევოლუშენ ჯორჯიამ“ პროფკავშირის აქტიურ წევრებს სამსახურეობრივ ჯგუფში შეეზღუდა პროფკავშირთან დაკავშირებული სტატუსების გამოქვეყნება, მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირების მხრიდან კი ზეპირსიტყვიერად დამცინავი კომენტარები ჟღერდებოდა პროფკავშირის წევრი დასაქმებულების მიმართ.

გარდა ამისა, შპს „საირმე მინერალ ვოთერსმა“ შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით მიმდინარე მედიაციისა და გაფიცვის მონაწილე აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის წევრ დასაქმებულებს არ აუნაზღაურა გაფიცვამდე ფაქტობრივად ნამუშევარი ხელფასი, რაც საბანკო ვალდებულებების გამო, მათ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში აყენებდა. იგივე მეთოდით შეეცადა შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველო“ 2022 წელს გაფიცულ დასაქმებულებზე ზეწოლას”, – ნათქვამია განცხადებაში. 

პროფკავშირების ცნობით, სახალხო დამცველმა მხედველობაში მიიღო პროფკავშირების გამოცდილება, რომ „დამსაქმებელს აქვს მიუღებლობა პროფკავშირის მიმართ, რადგან მიაჩნია, მესამე პირი ერევა მასსა და დასაქმებულს შორის და რომ ერთპიროვნულად გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა ეცლება ხელიდან.

„სწორედ ამიტომ დაჟინებით ცდილობს დამსაქმებელი, არ გაძლიერდეს პროფკავშირი. გაძლიერება, პირველ რიგში, გამოიხატება წევრთა რაოდენობის ზრდით. სწორედ ამიტომ არის დამსაქმებელი კონცენტრირებული განსაკუთრებით ისეთ ქმედებებზე, რაც დათრგუნავს გაწევრიანების სურვილს. რაც ნაკლები წევრი ჰყავს პროფკავშირს, მით ნაკლებად ანგარიშგასაწევი ხდება დამსაქმებლისთვის“, – წერია განცხადებაში.

პროფკავშირის თქმით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ განვითარებული მოვლენები ცხადად გამოკვეთს, რა გამოწვევების წინაშე დგას პროფკავშირი წევრთა შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვისას.

სახალხო დამცველი საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო შეთანხმებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დამსაქმებლები ვალდებულები არიან, შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე მოლაპარაკებები აწარმოონ პროფკავშირთან, დამსაქმებელს ეკისრება პროფკავშირის საქმიანობისთვის საჭირო პირობების შექმნაც.

„ამასთან, დამსაქმებელთა ქმედებებს სახალხო დამცველი აფასებს პროფკავშირისადმი კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაციის წახალისების, პროფკავშირის შესახებ უარყოფითი სტერეოტიპების გაძლიერების ან ისეთი გარემოს შექმნის ხელშეწყობად, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს პროფკავშირის წევრების უფლებების შეზღუდვა დისკრიმინაციული საფუძვლით.

ამასთან, აკრძალულია, პროფკავშირის მიერ გაფიცვის ან სხვა საპროტესტო აქციის კანონის დაცვით ჩატარებისას მის ჩასახშობად ნებისმიერი ფორმის საპასუხო ქმედება. სახალხო დამცველი მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს და მიუთითებს, რომ „სახელმწიფოებმა არა მხოლოდ უნდა დაუშვან, არამედ, პრაქტიკულადაც შესაძლებელი გახადონ პროფკავშირების მხრიდან კოლექტიური ღონისძიებების განხორციელება; უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროფკავშირის უფლება, მოუსმინონ და ჰქონდეს შესაძლებლობა, იღწვოდეს მისი წევრების ინტერესთა დასაცავად. ამ მხრივ, ხაზგასმით აღინიშნება საჯარო უწყებების ვალდებულება, აქტიურად წაახალისონ ეკონომიკის სფეროში დიალოგისა და მოლაპარაკებების კულტურა.

გაფიცვის ან პროფკავშირის წევრთა ინტერესების დაცვის მიზნით განხორციელებული ქმედებების საპასუხოდ იმგვარი ქმედებების განხორციელებას, რომლებსაც, შესაძლოა, მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს პროფკავშირის წევრებზე, ან მასში გაწევრიანების მსურველებზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გაერთიანების თავისუფლებასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს.

სასამართლო მხედველობაში იღებს დამსაქმებლის მიერ გამოყენებულ სხვადასხვა ტექნიკას, რომლებსაც, შესაძლოა, ნეგატიური ეფექტი ჰქონდეს პროფკავშირული აქტივობების განხორციელებისა და კოლექტიურ მოლაპარაკებებში ჩართვის უფლებებზე, მათ შორისაა ქმედებები, რომლებიც პროფკავშირებს ხელს უშლის, შეინარჩუნოს წევრები, ან მოიზიდოს ახალი წევრები (მაგალითად, პოტენციური დისკრიმინაციის შიშის გამო), რაც პროფკავშირის წარმომადგენლობით ხასიათს ამცირებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

პროფკავშირების ინფორმაციით, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, შრომითმა ინსპექციამ 20 დღის ვადაში უნდა შეიმუშაოს კოლექტიური შრომითი უფლებების სათანადოდ დაცვისა და პროფკავშირისადმი კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაციის პრევენციისკენ მიმართული რეკომენდაციები.

კერძოდ:

  1. დამსაქმებლებისთვის კოლექტიური შრომითი უფლებების დაცვისა და პროფკავშირისადმი კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაციისგან თავისუფალი სამუშაო გარემოს ხელშემწყობი ინფორმაციის პროაქტიულ მიწოდებას;
  2. კოლექტიური შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე დარღვევებისა და პროფკავშირისადმი კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაციის პრევენციის სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებას;
  3. დასაქმების ადგილებზე ინსპექტირების განხორციელებისას სტრატეგიულ მიმართულებად შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დარღვევებისა და პროფკავშირისადმი კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაციის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ზედამხედველობის განსაზღვრას.

პროფკავშირების გაერთიანება როგორც დამსაქმებლებთან, ისე სახელმწიფო ორგანოებთან დიალოგისა და თანამშრომლობის არაერთ ფორმატში ხაზს უსვამს კოლექტიური შრომითი დავების პრევენციის მიზნით მოლაპარაკებებისა და სოციალური პარტნიორობის აუცილებლობას და მიესალმება სახალხო დამცველის ზოგად წინადადებას, შრომის ინსპექციის სამსახურმა განსაკუთრებულად გაუწიოს ზედამხედველობა კოლექტიური შრომითი უფლებებით ეფექტიანად სარგებლობას.

პროფკავშირისა და პროფკავშირის წევრთა ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში მიმდინარე საქმეებში პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე იცავდა“, – ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.