პროკურატურაში თაღლითობის ტრანსნაციონალურ საქმეზე მორიგი განცხადება გაკეთდა

პუბლიკა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაიმართა ბრიფინგი, რომელზეც პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებით საზოგადოებას განახლებული ინფორმაცია მიაწოდა და ევროჯასტის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლობით ჩაატარა ფართომასშტაბიანი საგამოძიებო მოქმედებები, რომლის შედეგადაც განხორციელდა ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავება.

ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ერთობლივად იგეგმებოდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და ისრაელის სახელმწიფოს სამართალდამცავი უწყებების აქტიური ჩართულობით და სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ქსელის – ევროჯასტის მხარდაჭერით.

19 ოქტომბერს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა დაკავების ღონისძიება და მასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები, მხარეთა შეთანხმებით ერთდროულად დაიწყო საქართველოსა და ისრაელში, რის შედეგადაც ორივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაკავებული იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი.

აღსანიშნავია, რომ ერთობლივად დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად, ისრაელში დაკავებული იქნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის რამდენიმე ხელმძღვანელი პირი“, – განაცხადა პროკურორმა.

მის განცხადებას სრულად გაეცანით ბმულზე.

21 ოქტომბერს პროკურატურაში გაკეთდა განცხადება, რომ საქართველოს პროკურატურამ გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. საქართველოს ტეროტორიაზე დაკავებულია 7 პირი.

„დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დააფუძნეს ექვსი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელთა ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი. ოპერატორებად უცხო ენის მცოდნე პირების დასაქმებით, დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ.

ე.წ. ქოლ-ცენტრის დანაშაულებრივი ფუნქციონირებისთვის შეიქმნა ათეულობით ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფდა მომხმარებლისგან თაღლითურად მოპოვებული თანხების განთავსებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების საბანკო ანგარიშებზე“, – დაადგინა გამოძიებამ.

დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ისაუბრა და „ქოლცენტრები“ დავით კეზერაშვილთან დააკავშირა. მისი თქმით, სულ მალე საინტერესო დეტალები გახდება ცნობილი.

„ჩვენ გუშინ მოვისმინეთ „მთავარი არხის“ მორიგი ბოდვა. ეს არის სრული სიცრუე. რეალურად, ამ ქოლცენტრების უკან, სავარაუდოდ, დავით კეზერაშვილი დგას. მას აქვს ასეთი ქოლცენტრები უკრაინაში და აქაც ჰქონდა მცდელობა. გამოძიებაში ჩვენს პროკურატურასთან ერთად ჩართულები არიან გერმანელი გამომძიებლები და ძალიან მალე საზოგადოება საინტერესო ინფორმაციას გაიგებს. მე ვთხოვ პრესსამსახურს და თქვენც შეგიძლიათ მოიძიოთ ეს ინფორმაცია, რომელიც შვედურმა მედიამ გაავრცელა“, – ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა.