პროკურატურის ინფორმაციით, 2015 წელს გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნილია და ორ პირს ბრალდება წარედგინება.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დავით დეკანოსიძემ და თორნიკე კაჭარავამ, ამ უკანასკნელის ძმასთან წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო, გიორგი კვარაცხელიაზე შურისძიება და მისი ჯგუფურად მკვლელობა განიზრახეს.
2015 წლის 25 დეკემბერს, თორნიკე კაჭარავა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი 7,65 კალიბრის, დავით დეკანოსიძე კი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი 9მმ კალიბრის მქონე ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები მივიდნენ თბილისში, გურამ ფანჯიკიძის ქუჩა №3ბ-ში მდებარე გიორგი კვარაცხელიას საცხოვრებელ კორპუსთან და დაახლოებით 20:36 საათზე, მაშინ როდესაც გიორგი კვარაცხელია ეზოში იმყოფებოდა, ბრალდებულებმა მრავლობითი გასროლა განახორციელეს მისი მიმართულებით, რის შედეგადაც გიორგი კვარაცხელიამ თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობა ქალას ძვლების და თავის ტვინის დაზიანებებით და მიუხედავად აღმოჩენილი დახმარებისა, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა“, – აცხადებს პროკურატურა.
უწყების ცნობით, თორნიკე კაჭარავას ბრალდება პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დავით დეკანოსიძეს დაუსწრებლად წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ძვ. რედაქცია, განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად), რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დავით დეკანოსიძეზე გამოცხადდება ძებნა.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.