პრორუსულმა, ძალადობრივმა პარტიამ – „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფომ” ცესკოში ხელმოწერები მიიტანა. მათ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრა სურთ.
პარტიის ლიდერების თქმით, შეგროვებულია 50 ათასი ხელმოწერა – 2-ჯერ მეტი, ვიდრე საჭიროა, რათა პარტია საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირდეს.
პარტიის თავმჯდომარის, გიორგი ქარდავას თქმით, ხარვეზის თავიდან ასარიდებლად მათ არა მოთხოვნილი 2 თვის, არამედ 1 თვის ვადაში შეაგროვეს 50 ათასი ხელმოწერა, ნაცვლად საჭირო 25 ათასისა.
„ალტ ინფოს” ცესკომ 2 კვირის ვადაში უნდა უპასუხოს.
„დახარვეზების საფუძველი არ არსებობს. ჩვენ გადავამოწმეთ და ეს არის 100%-ით ნაღდი ხელმოწერები. თუ პოლიტიკური გდაწყვეტილება იქნა მიღებული, ჩვენც პოლიტიკურ რეაგირებას მოვახდენთ ამაზე”. – თქვა გიორგი ქარდავამ.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი. როგორც კი ამას გავივლით, პარტიას ექნება თავისი ნომერი და ჩვენ დავიწყებთ იმას, რაც არის აუცილებელი – წარვადგენთ პარტიის პროგრამას და დავიწყებთ საუბარს იმაზე, თუ რის შეცვლას ვაპირებთ”. – ამბობს ძალადობრივი პარტიის ლიდერი, ზურა მახარაძე.
პრორუსულმა, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ ინფომ” პარტია 2021 წლის 20 ნოემბერს დააფუძნა. პარტიის სახელია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო”.
„ალტ ინფო” იყო 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორი. ჩადენილი დანაშუალებისთვის ისინი დღემდე დაუსჯელები არიან.
„ალტ ინფომ” ჩაშალა 2023 წლის 8 ივლისს, „ლისი ვანდერლენდში” დაგეგმილი ლგბტქ ფესტივალი, პრაიდ ფესტი. პასუხი მათ არც ამ დღისთვის უგიათ.
„ალტ ინფო” ავცელებს რუსულ, ანტიდასავლურ პროპაგანდას და დეზინფორმაციას.