პროტესტი გაგრძელდება - რას ამბობენ მშობლები ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის შემდეგ

პუბლიკა

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდგომ მშობელმა მაკუნა გოჩიაშვილმა facebook-პოსტში დაწერა, რომ სამინისტროში მშობლებს სამოქმედო გეგმა გააცნეს, რომელიც, მისი შეფასებით, თანმიმდევრული და სწორია.

„ახლა გამოვედით ჯანდაცვის სამინისტროდან მშობლები. წამლის შემოტანა-არ შემოტანაზე აღარც გვეკამათებიან და ეს ძალიან კარგია. სამოქმედო გეგმა გაგვაცნეს და თანმიმდევრული და სწორი გეგმაა, ჩვენი მონაწილეობაც გათვალისწინებული აქვთ და მთელი სიფხიზლით ვიქნებით ჩართული, რომ არ გადავუხვიოთ გეგმიდან. გარანტიისთვის დოკუმენტს, ამ ეტაპზე, ვერ გვაძლევენ და ამიტომ მუშაობის პარალელურად, პროტესტი იმავე ფორმით გრძელდება. შემდეგი შეხვედრა 5 მაისს ჩავინიშნეთ“, – წერს პოსტში.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები 15 დღეა ღამეს კანცელარიასთან ათევენ. გუშინ ისინი მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას ელოდებოდნენ. როგორც ამბობენ, იმედი ჰქონდათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი აქონდროპლაზიის მედიკამენტის შემოტანასთან დაკავშირებით მშობლებს რამეს ეტყოდა. თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის სხდომის დაწყებამდე საჯარო განცხადება არ გაუკეთებია.

მშობლების მოთხოვნაა, სახელმწიფომ საქართველოში შემოიტანოს და დააფინანსოს ბავშვებისთვის აუცილებელი პრეპარატი Voxzogo, რომელიც ავტორიზებულია აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის (FDA), ასევე ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ.