პროტესტში მონაწილე რეჟისორის ფილმი კინოცენტრმა გამოქვეყნებულ პოსტში არ ახსენა

პუბლიკა

კინოცენტრმა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე მონაწილე ქართული ფილმების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. ცენტრი წერს, რომ კინოფესტივალზე წელს 2 ქართული ფილმია წარდგენილი.

პოსტში ცენტრი ყურადღებას ამახვილებს თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის მთავარ კონკურსში მონაწილეობის ფაქტზე და არ წერს, რომელია ის მეორე ფილმი, რომელიც ასევეა წარდგენილი ჩეხეთში, კარლოვი ვარის კინოფესტივალზე.

კინოსექტორში დასაქმებული პირები ფიქრობენ, რომ კინოცენტრი განზრახ არ ასახელებს გამოქვეყნებულ პოსტში მეორე ფილმს”, რადგან მისი ავტორი კინოცენტრში რეორგანიზაციის გამოცხადების შემდეგ დაწყებული პროტესტისა და პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნების თანამოზიარეა.

საუბარია რეჟისორ ლუკა ბერაძეზე, რომლის ფილმის – „ღიმილიანი საქართველო“ პრემიერა გუშინ კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. საგულისხმოა, რომ პრემიერის შესახებ კინოცენტრის გვერდზე არაფერი არ გამოქვეყნებულა.

პრემიერაზე რეჟისორმა სიტყვით მიმართვის დროს კინოცენტრის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და სამინისტრო დაგეგმილი რეორგანიზაციის გამო გააკრიტიკა.

დოკუმენტური ფილმი „ღიმილიანი საქართველო“ საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა 2019 წელს დააფინანსა, რის შემდეგაც დააინტერესეს გერმანელი პარტნიორები და შედეგად ფილმი გახდა კოპროდუქცია საქართველოსა და გერმანიას შორის.

„კინოცენტრის ფეისბუქ-გვერდს, რომელიც კულტურის სამინისტროდან იმართება, უკვე დაეტყო ცენზურის ხელი, რასაც ვშიშობდით ამ დღეების განმავლობაში,“ – ასე ეხმაურება მოძრაობა „ქართული კინო საფრთხეშია“ კინოცენტრის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს.

ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი კინოცენტრის პოსტს ასე გამოეხმაურა.


რატომ არ დაასახელა თავის პოსტში ცენტრმა ფესტივალის მონაწილე მეორე ქართული ფილმი – ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად „პუბლიკა“ კინოცენტრის ახალ თანამშრომელთან, კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბაჩო ოდიშარიასთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა ის ჩვენს სატელეფონო ზარს არ პასუხობს.