პუტინი, ერდოღანი, ლუკაშენკა და სხვები უზბეკეთში - სამარყანდში SCO-ს სამიტი იმართება

პუბლიკა

უზბეკეთის სიდიდით მეორე ქალაქ სამარყანდში „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ (SCO) სამიტი იმართება.

სამიტს შუა აზიის ქვეყნების ლიდერებთან ერთად ესწრებიან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ბელარუსის პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, რომლის ქვეყანაც ახლა გაწევრდა ორგანიზაციაში. მოგვიანებით სამიტს შეუერთდნენ ჩინეთისა და ინდოეთის ლიდერებიც.

აზერბაიჯანის მიერ სომხეთის წინააღმდეგ წამოწყებული სამხედრო მოქმედებების გამო სამიტზე არ გაემგზავრა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

 

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ წელს „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტი პერსონალური მონაწილეობით პირველად იმართება.

სამიტის ფარგლებში წევრი ქვეყნების ლიდერთა საბჭოს გარდა, ფორმალური და არაფორმალური ღონისძიებებიცაა დაგეგმილი. სამარყანდში უკვე გაიმართა რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრა. ასევე კრემლის ინფორმაციით, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა ინდოეთის პრემიერ-მინისტრთანაც.

უკრაინაში მიმდინარე ომისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე, სამიტის მიმართ დასავლეთის ყურადღებაც გამახვილებულია.

მოსალოდნელია, რომ რუსეთის პრეზიდენტთან სამიტის პარალელურად გამართულ შეხვედრებზე უკრაინაში არსებულ სიტუაციას და ენერგორესურსების ფასებზე არსებულ ვითარებასაც განიხილავენ. „დიდმა შვიდეულმა“ რუსულ ნავთობზე ცოტა ხნის წინ ერთგვარი ჭერი დააწესა, რათა კიდევ უფრო შეუზღუდოს რუსეთს მისგან მიღებული შემოსავალი.

სი ძინპინთან შეხვედრისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ის მადლობელია „უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით მეგობარი ჩინეთის დაბალანსებული პოზიციის გამო“ და ესმის მათი „კითხვები და შეშფოთება“. მან ასევე დაგმო აშშ-ის „პროვოკაციები“ ტაივანთან დაკავშირებით და უნიპოლარული მსოფლიოს შექმნის მცდელობა.

თავის მხრივ, ჩინეთის ლიდერმა ანაცხადა, რომ ჩინეთი ესწრაფვის რუსეთთან ერთად წამყვანი როლი შეასრულოს დიდი ქვეყნების პასუხისმგებლობის დემონსტრირებაში, მოიტანონ სტაბილურობა და პოზიტიური ენერგია ამ „არეულ სამყაროში“.


„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია“ საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მის წევრებს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავებაზეა ორიენტირებული. ორგანიზაცია, თავდაპირველად რეგიონული იყო და 2001 წელს დაფუძნდა „შანხაის ხუთეულის“ ბაზაზე.

ამჟამად ორგანიზაციაში 9 ქვეყანა შედის: რუსეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ინდოეთი, პაკისტანი და ირანი. დამკვირვებლის სტატუსი აქვს სამ ქვეყანას: მონღოლეთს, ავღანეთსა და ბელარუსს.

პარტნიორ ქვეყნებს შორის კი თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ნეპალი, შრი-ლანკა, კამბოჯა, ეგვიპტე და კატარი არიან. ბოლო ორი სახელმწიფო პარტნიორი ამ სამიტზე გახდა.

„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ მმართველი ორგანო მისი წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოა, რომელიც წელიწადში ერთხელ იკრიბება. ორგანიზაციის გენერალური მდივანი 2022 წლიდან ჩინელი დიპლომატი ჟანგ მინია.