პუტინი ყოველთვის ცდილობს, თავისი ნაბიჯების სანაცვლოდ გარკვეული საფასური მიიღოს - დეგნანი

პუბლიკა

„რა არის ამის საფასური? რის გადახდა მოუწევს საქართველოს იმისთვის, რომ მოიხსნას სავიზო რეჟიმი ან თუნდაც აღდგეს სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთის  გავლით რუსეთთან“, – ასე ეხმაურება კიდევ ერთხელ ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ავიამიმოსვლის აღდგენას.

კელი დეგნანის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, პასუხი გაეცეს კითხვას, რატომ გადაწყვიტა ვლადიმერ პუტინმა ახლა აღადგინოს ფრენები საქართველოსთან და ალაპარაკდეს რკინიგზის აღდგენაზეც.

აშშ-ის ელჩი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას სიფრთხილე მართებს, რადგან საქართველოს 20% ოკუპირებულია და რუსეთის ფედერაცია დევნის საქართველოს მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„ქვეყანა, რომლის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომლის მოქალაქეებს აკავებენ, რომელიც მუდმივად არის წნეხის ქვეშ, უნდა იყოს ძალიან ფრთხილად ისეთი მცდელობების მიმართ, რა გზითაც რუსეთი ცდილობს ურთიერთობის ნორმალიზებას საქართველოსთან. ჩნდება კითხვა, რატომ ახლა? რატომ მიდის პუტინი დათმობაზე და აკეთებს შეთავაზებებს? რა არის ამის საფასური? რის გადახდა მოუწევს საქართველოს იმისთვის, რომ მოიხსნას სავიზო რეჟიმი ან თუნდაც აღდგეს სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთის  გავლით რუსეთთან. ყველამ კარგად ვიცით, რომ პუტინი ყოველთვის  ცდილობს, თავისი ნაბიჯების სანაცვლოდ გარკვეული საფასური მიიღოს ქვეყნებისგან“, – ამბობს კელი დეგნანი.

10 მაისს ცნობილი გახდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახალი განკარგულება, რომლის მიხედვითაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდა, ასევე, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა.

15 მაისს საქართველოს ავიაციის სააგენტომ საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა ავიაკომპანია Azimuth Airline-ს მისცა.  სამოქალაქო ავიაციაში ამბობენ, რომ ავიაკომპანია Azimuth Airlines არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. მათივე ცნობით, კომპანია კვირაში 7 რეისს შეასრულებს.