პუტინის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში, მიხაილ შვიდკოი 14-15 ივნისს თბილისში იმყოფებოდა.
რუსული სამთავრობო მედია TASS-ის ცნობით, ის კინოსპექტაკლების: „ცირკის პრინცესა“ და „რევერსი“ ჩვენებას დაესწრო.
შვიდკოის შეფასებით, კინოსპექტაკლების ჩვენება, რომელსაც დაესწრო, „უაღრესად მიმზიდველია“ საქართველოს საზოგადოებასთან მიმდინარე კონტაქტების თვალსაზრისით“.
„მგონია, რომ კულტურა სწორედ ის სფეროა, რომელსაც შეუძლია, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველგვარი ძალისმიერი ქმედებების გარეშე, დააბრუნოს ნდობის ის ატმოსფერო, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობდა. ხალხები კი ყოველთვის ერთმანეთისკენ ისწრაფვიან – ჩვენ ძალიან ღრმა კავშირები გვაქვს“, – თქვა მან.
TASS-თანახმად, შვიდკოიმ თქვა, რომ რუსეთი ღიაა ქართველი ხელოვანებისა და კულტურის მოღვაწეებისთვის.
„უნდა ითქვას, რომ რუსეთში არაერთი ქართველი შემსრულებელი მოღვაწეობს. რეგულარულად ჩამოდიან გასტროლებზე დიდი ქართული კოლექტივები, ასევე ბევრი შესანიშნავი მუსიკოსი და შემსრულებელი ცხოვრობს და მუშაობს რუსეთში“, – თქვა შვიდკოიმ.