ქაბულიდან ჩვენი 23 მოქალაქის გამოყვანა იგეგმება. გვაქვს ინფორმაცია, რომ აეროპორტი არ იხურება - ხვთისიაშვილი

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, ქაბულში ამ დროისთვის საქართველოს 23 მოქალაქე იმყოფება.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ქაბულში არის საქართველოს 23 მოქალაქე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და პრემიერ-მინისტრის აპარატი აქტიურად მუშაობს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებისთვის. სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეების იქ ყოფნასთან დაკავშირებით დღეს დილით მივიღეთ ინფორმაცია, თვითონ დაგვიკავშირდნენ, რომ იქ არიან და მყისიერად დავიწყეთ მუშაობა მათ ჩამოსაყვანად“, – აღნიშნა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

მისივე თქმით, ქაბულში მყოფი საქართველოს მოქალაქეები კერძო კონტრაქტორები არიან. ხვთისიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში იგეგმება საევაკუაციო რეისები პარტნიორი ქვეყნების მიერ და ამ რეისებით მოხდება საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ქაბულის აეროპორტი ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას, სანამ უცხოელები არ დატოვებენ ქალაქსა და ქვეყანას. ჩვენი ყველა მოქალაქე ჯანმრთელად გრძნობს თავს, არავის არაფერი უჭირს ამ ეტაპზე. რა ვადებში მოხდება მათი დაბრუნება, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. იმედია, მალე დავაბრუნებთ“, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.


დღეს „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გაავრცელა განცხადება, რომ მისი ინფორმაციით, ქაბულში მყოფი საქართველოს 22 მოქალაქე ქვეყნიდან გამოყვანას ითხოვდა. ფაქტი მოგვიანებით დაადასტურა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და განაცხადა, რომ დაიწყო მუშაობა ქაბულიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციისთვის.

დღეს, 15 აგვისტოს, თალიბანის მებრძოლები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შევიდნენ. ინფორმაციას საერთაშორისო მედიები ავრცელებდნენ და წერდნენ, რომ ქალაქში თალიბანის მებრძოლები „ყველა მხრიდან“ შედიოდნენ.

ცოტა ხნის წინ BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანა და ტოვეს პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა. ქალაქიდან უცხოელი დიპლომატების ევაკუაცია გრძელდება. ასევე, BBC იუწყება, რომ ხალხი დედაქალაქს მანქანებით ტოვებს, რამაც გზებზე დიდი საცობები გამოიწვია. Al Jazeera-მ გაავრცელა ფოტო-ვიდეომასალა, რომ თალიბებმა აიღეს პრეზიდენტის სასახლე.