ქალთა საფეხბურთო კლუბი „მართვე" ნეკა დოროყაშვილს სოლიდარობას უცხადებს

პუბლიკა

ქალთა საფეხბურთო კლუბი „მართვე” სოლიდარობას უცხადებს ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს ნეკა დოროყაშვილს. კლუბი ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ გმობენ ძალადობას.

„ქალთა საფეხმურთო კლუბი „მართვეს” ფეხბურთელებს გვსურს სოლიდარობა გამოვუცხადოთ ნეკა დოროყაშვილს და დავგმოთ ძალადობა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ დაადგინა ოჯახში ძალადობის ფაქტი და ამის შემდეგ დატოვა ძალაში შემაკავებელი ორდერები, მედიით მაინც ხდება მოძალადის რეპუტაციის აღდგენა მისი ჩემპიონატში გამარჯვების გამო. ვთვლით, რომ არანაირი გამარჯვება და ტიტული არ შეიძლება გახდეს ძალადობის გადაფარვის და მოძალადის გამართლების საფუძველი. ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანია სპორტი დაცლილი იყოს ძალადობისგან და არსებობდეს მაღალი მგრძნობელობა ამ საკითხთან მიმართებაში.

სოლიდარობა ყველა ქალს, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა უსამართლობა!”, – ვკითხულობთ „მართვეს” განცხადებაში. 


პროკურატურის მტკიცებით, 21 მაისს თბილისში ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურად იძალადა. სამართალდამცველებმა ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. ჩოგბურთელი 24 მაისს სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.