ქარტია: პარლამენტი დევნის და უპირისპირდება ჟურნალისტებს კრიტიკული მედიასაშუალებებიდან

პუბლიკა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, პარლამენტი განაგრძობს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სადამსჯელო ინსტრუმენტის გამოყენებას.

ბოლო დღეებში „ტვ პირველის“, „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ 4 ჟურნალისტს, „ოცნების” დეპუტატების მოთხოვნით, პარლამენტში მუშაობის აკრედიტაცია შეუჩერდათ. ქარტიის განცხადებით, ყველა შემთხვევაში ეს მოჰყვა ჟურნალისტის მხრიდან კრიტიკულ შეკითხვას.

ქარტია წერს, რომ რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ პარლამენტმა რეპრესიული მექანიზმი ახალი შემართებით აამოქმედა.

„მედიამ და სამოქალაქო საზოგადოებამ დადგენილების მიღებისთანავე გამოთქვა ეჭვი მისი დეკლარირებული მიზნის მიმართ, მოეწესრიგებინა ურთიერთობა პარლამენტის წევრებსა და ჟურნალისტებს შორის. პრაქტიკამ ეს ეჭვი დაადასტურა. პარლამენტი დადგენილებას იყენებს ბოროტად – თვითცენზურის დასანერგად, ჟურნალისტების დასაშინებლად და საპარლამენტო პროცესებისაგან მათი იზოლირებისთვის.

იმის გამო, რომ აკრედიტაცია ჟურნალისტებს სახელობითად ეძლევათ, მედიასაშუალებები ვერ ახერხებენ სანქცირებული ჟურნალისტების ჩანაცვლებას სხვა თანამშრომლებით. შედეგად, მათ ერთიდან ექვს თვემდე პერიოდის განმავლობაში არ ეძლევათ საშუალება, ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოში საკანონმდებლო პროცესებში ჩართული პირველწყაროსგან მიიღონ.

ქარტიასთან ჟურნალისტები ამბობენ, რომ დადგენილების მიღების შემდეგ პარლამენტში მათ  მიმართ დამოკიდებულება და მათი სამუშაო პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდა.

პარლამენტი იმის ნაცვლად, რომ სხვა უწყებებს ღიაობისა და გამჭვირვალობის მაგალითს აძლევდეს, ყველა გზას მიმართავს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიასაშუალებებისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმის შესაძლებლობის წასართმევად.

პარლამენტის წევრებს მმართველი პარტიიდან და მათთან აფილირებული პოლიტიკური ძალებიდან არ ესმით თავიანთი მანდატის არსი. მათი მთელი ძალისხმევა მიმართულია კრიტიკულ მედიასთან კონტაქტის შემცირებაზე.

დადგენილება, რომლის აღსრულებაში განსაკუთრებული  მონდომებითა და ხალისით არიან ჩართული მმართველი პარტიის ცალკეული, ოდიოზური ქცევით გამორჩეული დეპუტატები, საზოგადოებას აკარგვინებს წვდომას პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებზე, რის მიმართაც მოქალაქეებს აქვთ ლეგიტიმური ინტერესი.

ქარტია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, უარი თქვას დადგენილების  ჟურნალისტებზე შურისძიების ინსტრუმენტად გამოყენებაზე. ქარტია მოუწოდებს პარლამენტის ეთიკის საბჭოს, იმსჯელოს პარლამენტის იმ წევრების ქცევაზე, რომლებიც რეგულარულად ავლენენ აგრესიას ჟურნალისტების მიმართ. ქარტია მოუწოდებს სახალხო დამცველს, რეაგირება მოახდინოს ამ მავნე პრაქტიკაზე, რომელიც ზღუდავს კრიტიკული მედიასაშუალებების თავისუფლებას და მათ მრავალათასიან აუდიტორიას ტოვებს ინფორმაციის გარეშე საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.

„ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნატა ქაჯაიას, აკრედიტაცია ერთი თვით „ხალხის ძალის“ დეპუტატის, სოზარ სუბარის, მიმართვის საფუძველზე, 3 ივნისს, შეუჩერდა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნინო წილოსანის მოთხოვნით, ასევე 3 ივნისს პარლამენტში მუშაობა ერთი თვით აეკრძალა ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს ნინი ბალანჩივაძეს.

წილოსანისვე მოთხოვნით, 4 ივნისს აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერდა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ სოფო გოზალიშვილს, რომელსაც სანქცია განმეორებით დაეკისრა.

აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერდა „ტვ პირველის” ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, „ხალხის ძალის“ დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის მოთხოვნით, რომელიც ჟურნალისტს ინტერვიუზე ჯერ დასთანხმდა, ხოლო მოგვიანებით, მხოლოდ იმის გამო, რომ კითხვა არ მოეწონა, მისი შეწყვეტა მოითხოვა.