„ქართულ ოცნებაში“ ასეთი კანონპროექტის მიღება არ განიხილება - მდინარაძე ინჯიას ინიციატივაზე

პუბლიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად, რომელიც ახალი კანონპროექტის მომზადების შესახებ ევროპელი სოციალისტების ლიდერის, ფრიდონ ინჯიას მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას შეეხებოდა, აცხადებს, რომ „ხელისუფლებაში ასეთი კანონპროექტის მიღება არ განიხილება“.

„ქართულ ოცნებაში“ ასეთი კანონპროექტის მიღება არ განიხილება და ამას აქვს თავისი არგუმენტები. პირველი – არ განიხილება სამართლებრივი მოსაზრებების გამო. მეორე არგუმენტია, რომ ეს შეიძლება აწყობდეთ უფრო ლგბტ პროპაგანდისტებს და რადიკალურ ძალებს, რომლებიც ამაზე აგებენ მთელ თავიანთ ნარატივს. მესამე – პირადად და დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის ბევრ წევრს მიაჩნია, რომ არაჯანსაღ პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი პროპაგანდა და არა სამართლებრივი მექანიზმები, რომლებთანაც შეიძლება მერე გარკვეული პრეტენზიები გაჩნდეს.

მერე შეიძლება ვიღაც მართალი აღმოჩნდეს ან არა. პროპაგანდის თვალსაზრისით თუ ვსაუბრობთ, არაჯანსაღ პროპაგანდას ჯანსაღი პროპაგანდა სჯობს დაუპირისპირდეს. სამართლებრივი მოსაზრებებით ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს არის მისაღები. მესამე, შეიძლება ამან უფრო მეტად დაასხას რადიკალების წისქვილზე წყალი და ამიტომ, ჩვენთან ასეთი კანონპროექტის მიღება არ განიხილება“, – განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტში „ოცნების” სატელიტური პარტიის „ევროპელი სოციალისტების” ლიდერი, ფრიდონ ინჯია ამბობს, რომ 30 აპრილის აქციის მოთხოვნათა შესაბამისად მიმდინარე კვირაში პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტით მიმართავენ. აღსანიშნავია, რომ ამ აქციაზე გაჟღერებული იყო ჰომოფობიური და ანტიდასავლური შეფასებებიც.

ინჯიამ პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ გაახმოვანა აქციის მოთხოვნები, რომელთა შორის იყო ასევე „ლგბტ-პროპაგანდის” კანონით აკრძალვაც და აღნიშნა, რომ უერთდება მათ.

„ყველა გამომსვლელს მადლობა მინდა ვუთხრა, ეს იყო ხალხი – გულანთებული. მთელი სულითა და გულით საუბრობდნენ იმაზე, რა უნდა გაკეთდეს. და პირველ რიგში აქ იყო მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ. მოთხოვნები, რომლებმაც იქ გაიჟღერა, ჩავთვალე, რომ აქ კიდევ ერთხელ წამეკითხა, რათა გაიგოს პირველ რიგში მმართველმა პარტიამ:

  • კანონი ყველას მიმართ თანაბრად აღსრულდეს. მიუხედავად პოლიტიკური, სექსუალური ან სხვა ორიენტაციისა…

  • პოლარიზაციის და პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში ქართველ ხალხს პლებისციტის გზით აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცეს…

  • მოხდეს 2004-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის” დიქტატორული რეჟიმის პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება…

  • უმუშევრობასა და სიღარიბეზე გამარჯვება;

  •  ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებისგან საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა. კატეგორიულად უნდა მოეთხოვოს მათ შიდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებში ჩაურევლობა;

  • დაინერგოს სკოლაში ფუნდამენტური განათლება;

  • დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორება

  • ლგბტ-პროპაგანტის კანონით აკრძალვა და მრავალი სხვა“,- განაცხადა ინჯიამ.