„ქართულმა ოცნებამ“ დიდი სპექტაკლი დადგა - დაკავებული კარტოგრაფის მეუღლე

პუბლიკა

აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე დაკავებული სადელიმიტიაციო კომისიის ყოფილი წევრის ივერი მელაშვილის მეუღლემ თამარ სულაძემ „მთავარის“ პრესკლუბში გამართულ შეხვედრაზე საქმის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, „ოცნებამ“ დიდი სპექტაკლი დადგა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მოხდა რაღაც მიწების გასხვისება.

„სპექტაკლი დადგეს თითქოს თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან და ქვეყანა გადაარჩინეს. ეს არ არის ერთი და  ორი დღის დადგმული, წელწადნახევარია ამაზე მუშაობა მიმდინარეობდა. როდესაც ამის გამო რაღაც ღალატში დაადადანაშაულეს კომისიის წევრები, ჩემმა მეუღლემ ვერ მოითმინა იმიტომ, რომ უაღრესად წესიერი და პატრიოტი ადამიანია. მართალია, პოლიტიკოსი არაა, მაგრამ გამოვიდა და ხელი შეუშალა მათ ამ სპექტაკლის განხორციელებაში, როდესაც თქვა, რომ არაფერი მომხდარა საქართველოს მიწების გადაცემის საწინააღმდეგოდ. ამიტომ დააკავეს და წარუდგინეს ბრლადება. ჩვენ დიდი ფულის მისწრაფება არასდროს გვქონია, ჩვენი სიმდიდრე არის ჩვენი პატიოსნება, ქვეყნის სიყვარული, ესაა ჩვენთვის ყველაფერი და ამით რომ ადამიანი ცხოვრობ და ვიღაც საზიზღრობაში გადანაშაულებს, ვერ მოითმინა და გამოვიდა ამის წინააღმდეგ“,- განაცხადა თამარ სულაძემ.


დავით გარეჯის საკითხზე სადელიმიტიაციო კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების ბრალდებით 7 ოქტომბერს დააკავა. მათ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულებმა არ გამოიყენეს ერთ-ერთი რუკა, რომელიც საქართველოს ინტერესებში შედიოდა. უწყებას მტკიცებულებად მოჰყავს 1:200 000-იანი მასშტაბის რუკა, რომელზე დაყრდნობითაც, გამოძიების მტკიცებით, შეძლებდნენ ისეთი ალბომის შექმნას, სადაც „დატანილი იქნებოდა საქართველოს ისტორიული საზღვარი“. პროკურატურის განცხადებით, ამ რუკის მიხედვით სხვაობა საქართველოს საზიანოდ 3500-მდე ჰა ფართობს შეადგენს. ხოლო საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, რუკაზე, რომელიც კომისიის ყოფილმა წევრებმა არ გამოიყენეს, დავით გარეჯის კომპლექსის სადავო ნაწილი საქართველოს საზღვრებშია წარმოდგენილი.

კომისიის დაკავებული წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ.