ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია: ჩვენი მოთხოვნაა, სააკაშვილი გადაყვანილი იქნას მრავალპროფილურ საავადმყოფოში

პუბლიკა

ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციის მმართველი საბჭოს საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

“ჩვენი მიზანია საზოგადოებას გავაცნოთ ის სამედიცინო რისკები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობას უკავშირდება”. – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ რევაზ ბოჭორიშვილი, მაია ბუწაშვილი, ზურაბ გურული, ბიძინა კულუმბეკოვი, არჩილ მარშანია, მამუკა მაჩაიძე, დავით მრელაშვილი და სხვა ექიმები:

დღევანდელი მოცემულობით, სააკაშვილის პროტესტის ექსტრემალურ ფორმის – შიმშილობის 27-ე დღეა. მისი პირადი ექიმის ინფორმაციით, მ.სააკაშვილს ანამნეზში აღენიშნება სისხლმბადი სისტემის თანდაყოლილი დაავადება – თალასემია (საშუალო სიმძიმის) და ღვიძლის თანდაყოლილი პათოლოგია – ჟილბერის სინდრომი (Gilbert’s syndrome).

სამედიცინო რისკების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია შემდეგის გათვალისწინება:

1. შიმშილობით გამოწვეული მჟავე-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა და გულ-სისხლძრღვთა სისტემის დისფუნქცია, გლუკოზის დეფიციტით გამოწვეული პრობლემები, ვიტამინი B1 დეფიციტით გამოწვეული ნევროლოგიური ცვლილებები და სხვა.

2. სტრესით გამოწვეული საშუალო სიმძიმის თალასემიის გადაზრდა თალასემიის მძიმე ფორმაში, რაც სპეციალიზირებულ ჰემატოლოგიურ მართვას საჭიროებს.

3. ჟილბერის სინდრომის გამწვავების შედეგად გამოწვეული ჰიპერბილირუბინემია და მასთან დაკავშირებული ჰემოლიზი (სისხლის წითელი უჯრედების დაშლა).

ეს არის იმ შესაძლო მულტიორგანული გართულებების მოკლე ჩამონათვალი, რაც შეიძლება განუვითარდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

მულტიორგანულ გართულებებს კი მულტირპოფილური მართვა ესაჭიროება. მართვის პროცესში აუცილებელია კარდიოლოგების, ნევროპათოლოგების, ჰეპატოლოგების, ენდოკრინოლოგების, ჰემატოლოგების, ინტენსიური თერაპიის სპეციალისტების, რეანემატოლოგების ჩართულობა და შესაბამის ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ გამოკვლევებზე ხელმისაწვდომობა.

საქართველოში რამდენიმე მრავალპროფილური საავადმყოფოა, რომლებიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა პროფილის ექიმებით და სადაც შესაძლებელია მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები (კომპიუტერული ტომოგრაფია, ანგიოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, ენდოსკოპიური გამოკვლევა), ინვაზიური რადიოლოგიური ჩარევები და ფართო სპექტრის ლაბორატორიული გამოკვლევები.

ჩვენი ინფორმაციით, მხოლოდ გასულ წელს პენიტენციალური დაწესებულებიდან მულტიპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანილია 585 პატიმარი, რაც ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა არ იქნება პრეცენდენტი და არ შეეწინააღმდეგება ზოგად სამართლებრივ ნორმებს.

ხაზს ვუსვმათ, რომ ჩვენი განცხადება მოკლებულია ყოველგვარ პოლიტიკურ კონიუნქტურას, ეფუძნება პროფესიულ, ჰუმანურ და გლობალურ რეპუტაციულ პრინციპებს; სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენი მოთხოვნაა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც საჭიროების შემთხვევაში გაეწევა ნებისმიერი პროფილის, დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და ამით დაცული იქნება მისი სიცოცხლის უფლება. – ვკითხულობთ განცხადებაში.

სოფიო ბერიძე
რევაზ ბოჭორიშვილი
მაია ბუწაშვილი
ზურაბ გურული
ნინო ისაკაძე
გიორგი კავკასიძე
ვახტანგ კალოიანი
გიორგი კამკამიძე
ბიძინა კულუმბეკოვი
არჩილ მარშანია
მამუკა მაჩაიძე
დავით მრელაშვილი
ანი ქავთარაძე
ვლადიმერ ჩაჩანიძე
გრიგოლ ხურციძე