„ქართველი ადამიანი არ აფასებს ნიჭიერ პიროვნებებს“ – ილია მეორე

ლიკა ზაკაშვილი

უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანს. ყოველი ადამიანი ერთი იბადება დედამიწაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე ძვირფასი საუნჯე არის ადამიანი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. ქადაგების ტექსტს IPN ავრცელებს.

„დღეს მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ადამიანი ქმნის ისტორიას. ნიჭიერი ადამიანი ქმნის ისტორიას. დიდი ბრიტანეთის ცნობილი პრემიერ-მინისტრი ამბობს: ადამიანი ქმნის, ისტორია თავისთავად კი არ მოდის. გავუფრთხილდეთ ადამიანს. ჩვენ ძალიან ზერელედ ვუყურებთ ადამიანის არსებობას. ქართველი ადამიანი არ აფასებს ნიჭიერ პიროვნებებს. უფრო სწორად, არ აფასებს კი არა, უარყოფს, თრგუნავს, ებრძვის ნიჭიერ ადამიანებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ის ნიჭიერი ადამიანები ღმერთმა მოგვცა, რომ ხალხს დაეხმარონ უფალთან მისვლისათვის. გახსოვდეთ, რომ ადამიანის გარეშე დედამიწა არაფერია, დედამიწა მკვდარია. აი, ამიტომ უნდა გაუფრთხილდეთ თქვენს შვილებს, მშობლებს. არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ მშობლების პატივისცემა ეს არის დიდი ნიჭი. პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა. მე არაერთხელ შეგახსენეთ თქვენ, რომ ყოველ დღე, ვისაც გყავთ მშობლები, ხელზე ემთხვიეთ და სთხოვეთ მას კურთხევა – დედაო, მამაო, დამლოცეთ მე. იმათი დალოცვა იქნება ღვთის ლოცვა-კურთხევა თქვენზე.

ნიჭი ეძლევა ღვთისაგან. ვისაც გაქვთ რაიმე ნიჭი, მინდა გითხრათ, რომ ყოველ ადამიანს აქვს რაიმე ნიჭი, ეს არის ღვთისაგან ბოძებული, ეს არის საჩუქარი. ჩვენი დამსახურება კი არ არის, ეს არის ღვთისაგან ბოძებული საჩუქარი. უნდა დააფასოთ, ნიჭიერ ადამიანზე უნდა თქვათ, რომ ის ნიჭიერია, მხარში ამოუდგეთ და თქვენც იქნებით გახარებული და ისიც. არ არსებობს ადამიანი უნიჭო, მხოლოდ საჭიროა იმ ნიჭის მოძებნა, გამონახვა. შეიძლება ნიჭიერი იყო მეცნიერებაში, ტექნიკაში, სოფლის მეურნეობაში, მაგრამ უნიჭო ადამიანი არ არსებობს“.