ქუთაისის პარლამენტის შენობაში ტექნოლოგიური ჰაბისთვის 12 მლნ ლარი დაიხარჯება

პუბლიკა

ქუთაისში მდებარე ყოფილ პარლამენტის შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გასახსნელად 12 მილიონი ლარი დაიხარჯება – შესაბამისი განკარგულება მთავრობის მიერ 1-ლ აგვისტოს გამოქვეყნდა.

„ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, 2024 წლისთვის საჭირო თანხის – 3 000 000 (სამი მილიონი) ლარის მოძიება დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებული ასიგნებიდან.

ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, 2025 წლისთვის საჭირო თანხის – 9 000 000 (ცხრა მილიონი) ლარის გათვალისწინება დაევალოთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში”, – ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს.

განკარგულების თანახმად, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა 2025 წლისთვის იგეგმება – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაევალა 2024-2025 წლებში შესაბამისი ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვის უზრუნველყოფა.