რა არის მიხეილ სააკაშვილისთვის ეროვნული თანხმობა | სასამართლო პროცესი

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმე განიხილება, ბრალდებული ექსპრეზიდენტი სიტყვით გამოდის.

თავის გამოსვლაში მან ისაუბრა, რას ნიშნავს მისთვის ეროვნული თანხმობა.

„მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი იყო ჩემთან და ამაზე ვმსჯელობდით, რა არის ჩემთვის ეროვნული თანხმობა. ეს არის წითელი რკალის შემოვლება გარშემო და თქმა, რომ მე არ მიყვარხარ შენ, არ მომწონხარ, არაფერი სურვილი არ მაქვს, არც თვალებში გიყურო და არც შენთან რამე კონტაქტი მქონდეს, მაგრამ მე შენ არ გაგანადგურებ, მე შენ არ მოგსპობ, მე შენ არ მოგკლავ.

ეს არის თანხმობის მთავარი ამოსავალი, რომ თუ გვინდა, ცივილიზებული ერი ვიყოთ, ერთმანეთს არ ვანადგურებთ, ერთმანეთს არ ვკლავთ. ვართ ერთმანეთთან კონკურენციაში, რა თქმა უნდა, მათ იციან, რომ კონკურენციას ვერ გაუძლებენ, ამიტომ მათი ერთადერთი საშუალებაა, ჩვენ გაგვანადგურონ, თქვენ, ვინც  ხართ უფრო ნიჭიერები, ვისაც ნეპოტიზმით კი არ მიგიღწევიათ ცხოვრებაში რაღაცას, არამედ ნიჭით, განათლებით, შრომისუნარიანობით და იმით, რომ მაგრები ხართ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ეროვნული თანხმობის პროცესი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასული წლის დასასრულს წამოიწყო. ამ მიზნით პრეზიდენტი პოლიტიკურ ჯგუფებს და საზოგადოების წევრებს შეხვდა. გამოითქვა ინიციატივა პროცესში წინა ორი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილი და მიხეილ სააკაშვილიც ჩართულიყვნენ. გიორგი მარველაშვილი სალომე ზურაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს ცალ-ცალკე შეხვდა, თუმცა იქნება თუ არა 3 პრეზიდენტის ერთობლივი შეხვედრა, ჯერჯერობით, უცნობია.

ე.წ. საზღვრის კვეთის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე პირველად წარდგა. მის საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს.

ამავე საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე. მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.