რამდენიმე დღის წინ გაიმართა ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის არსებითი განხილვის პირველი სასამართლო სხდომა. სასამართლო სხდომაზე მოწმედ გამოიკითხა საქმეში დაზარალებულად ცნობილი ნელი დოროყაშვილის ბიძაშვილი ეკატერინე ფირცხალაიშვილი. როგორც ის ჰყვება, თანაცხოვრების დროს ამ ოჯახთან ხშირი ურთიერთობა არ ჰქონია, ჩოგბურთელიც სულ რამდენჯერმე ჰყავს ნანახი, მაგრამ გაიხსენა ერთი შემთხვევა, როდესაც სტუმრად იმყოფებოდა მათთან და, მისი სიტყვებით, თუ მანამდე, შორიდან, იდეალური ოჯახი ჩანდა, ეს წარმოდგენა ამ ეპიზოდმა სრულიად დაუმსხვრია.
სასამართლო სხდომის დაწყებამდე მოსამართლემ, ხათუნა ხარჩილავამ მხარეებს მიმართა, რომ სასამართლო არც ერთ მათგანს არ ზღუდავს, ამ საქმის ფარგლებში პოზიციები გამოხატონ სხდომის დარბაზში, თუმცა მოუწოდა როგორც დაზარალებულის, ისე ბრალდების მხარის წარმომადგენლებს, პარალელურ მართლმსაჯულებას ნუ მიმართავენ სხდომის მიღმა.
„ამით უპირველეს ყოვლისა ზიანდება მართლმსაჯულების ინტერესი. მინდა, ეს მოწოდება/განცხადება გაითვალისწინოთ მომავალში ორივე მხარემ“, – თქვა მოსამართლემ.
მანვე აღნიშნა, რომ მას წერილობითი განცხადებით მიმართა დაზარალებულის ინტერესების დამცველმა, საქმის არსებითი განხილვის დაჩქარების მოთხოვნით, რადგან საზოგადოების მხრიდან მიმდინარეობს დაზარალებულის დისკრედიტაცია.
მოსამართლემ სხდომაზე განაცხადა, რომ უპირველეს ყოვლისა, სწორედ სასამართლოს ინტერესებში შედის, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ საქმის არსებითი განხილვა, რომ დაგვიანებული მართლმსაჯულებით არ დაზიანდეს რომელიმე მხარის ინტერესი.
„თუმცა მხარეებს მოგეხსენებათ, რომ შემჭიდროებულ ვადებში ვერ განიხილება ეს საქმე, ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე. პირველი – ხელი შეგვიშალა პანდემიამ; მეორე – ბრალდებულს ჰქონდა ობიექტური მიზეზები. ვერ ესწრებოდა სხდომებს, თავისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე. სასამართლომ მას მისცა საშუალება და შესაძლებლობა, მიეღო მონაწილეობა ტურნირებში. სწორედ ეს ორი ფაქტობრივი, ობიექტური მიზეზი გახდა საფუძველი, რომ აქამდე ვერ დავიწყეთ მოცემული საქმის არსებითად განხილვა“, – განაცხადა მოსამართლემ.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ ძალიან მოცულობითია დასაკითხ პირთა სიაც და რამდენიმე თვეში ვერ დასრულდება პროცესი, თუმცა, მისივე თქმით, სასამართლო მაქსიმალურად შეეცდება, კანონით გათვალისწინებულ, გონივრულ ვადაში განიხილოს საქმე.
რას ჰყვება მოწმე ეკატერინე ფირცხალაიშვილი
საქმეში დაზარალებულად ცნობილი, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ბიძაშვილი ეკატერინე ფირცხალაიშვილი სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოიკითხა.
ის ამბობს, რომ კარგად არ არის გარკვეული მათი ურთიერთობის დეტალებში, რადგან ნიკოლოზ ბასილაშვილი ხშირად საზღვარგარეთ იმყოფებოდა და მხოლოდ რამდენჯერმე შეხვედრია მას.
„თანაცხოვრების მრავალწლიან პერიოდში სულ, ალბათ, სამჯერ თუ მეყოლება ნანახი. შესაბამისად, არ ვარ კარგად გარკვეული მათი ურთიერთობის დეტალებში. ზოგადად, რაც შორიდან ვიცოდი და ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება იყო, ყოველთვის მეგონა, რომ ძალიან კარგი და შეხმატკბილებული წყვილი იყო. ნეკა არასოდეს არ საუბრობდა თავის პრობლემებზე, ყოველ შემთხვევაში, ჩემთან. შეიძლება იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახის წევრი ვარ და ზოგადად, არ უნდოდა, თავისი ოჯახის წევრებისთვის ცნობილი ყოფილიყო ან განხილვის საგანი გამხდარიყო“, – ამბობს ის.
მოწმე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში იცოდა ნეკასგან ოჯახში დაძაბული ურთიერთობის შესახებ, მაგრამ დეტალების საქმის კურსში არ არის, ამიტომ მხოლოდ იმ შემთხვევის შესახებ ისაუბრა, რომელსაც უშუალოდ შეესწრო.
„სავარაუდოდ, 2017 წელი იყო, ბავშვი 2 წლამდე იქნებოდა. მახსოვს ნიკოლოზი მაგ დროს საქართველოში იყო. მე გავედი მათთან სტუმრად, სამსახურის შემდეგ, საღამოს საათებში. სახლში ვიყავით მე ნიკა, მისი ძმა და მათი ნათესავი. ბავშვის დაძინების დრო რომ მოვიდა, ნეკამ შეიყვანა ოთახში, ძალიან ჭირვეულობდა, არ იძინებდა, ბავშვის ტირილის ხმა ისმოდა. ნეკა ბავშვთან ერთად იყო ოთხში, ჩვენ კი ვიყავით მისაღებ ოთახში. როცა ვსაუბრობდით, საჭმლის გამოძახებას ვაპირებდით, თუ სწორად მახსოვს, რაღაცებზე გავიცინეთ კიდეც და ცოტა ავხმაურდით. ნეკამ დაუძახა ნიკას და შეიყვანა ოთახში, მერე ნიკა გამოვიდა და გვითხრა, რომ ბავშვი ჭირვეულობს არ იძინებს და იქნებ აღარ გვეხმაურა.
ამის შემდეგ მისი ძმა და ნათესავი ადგნენ, დააპირეს წასვლა. გასვლის დროს კარის მიჯახუნების ხმა იყო, არ ვიცი, სპეციალურად, ან რაიმეს ნიშნად, თუ უბრალოდ ხმაურით დაიკეტა კარი, რადგან უკან არ გავყოლილვარ. ამის შემდეგ ნიკა შემობრუნდა, შევიდა ნელისთან ოთახში და დაიწყეს ამ თემაზე კამათი. კამათი შეიძლება შესუსტებული ნათქვამი იყოს, უფრო ხმამაღალი ლაპარაკი და სიტყვიერი შეურაცხყოფა ნიკას მხრიდან, ჩხუბი და ა. შ. ბავშვმა დაიწყო ტირილი, უფრო მეტად მშობლების ყვირილის ხმაზე, რაც ნიკას მხრიდან რაც გავიგე, ნეკა კიდევ უხსნიდა, რომ მისი მიზანი არ იყო, სტუმრები გაეყარა სახლიდან და ამიტომ არ გაუკეთებია“, – ჰყვება მოწმე.
როგორც ეკა ფირცხალაიშვილი იხსენებს, ჩხუბის თემა იყო ის, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ნეკა დოროყაშვილს ეუბნებოდა, რომ თავისი საქციელით სტუმრებს წასვლა აიძულა და ამაზე იყო გაღიზიანებული, როცა, როგორც ეკა ფირცხალაიშვილი აღნიშნავს, ისიც ისეთივე სტუმარი იყო და თავი შეურაცხყოფილად არ უგრძვნია, პირიქით, გასაგები იყო, რომ საქმე ბავშვს ეხებოდა, ძილი დაერღვა, ჭირვეულობდა და ეს არ იყო ნეკას „კაპრიზი“ რომ მას უბრალოდ სტუმრების ხმაური არ მოსწონდა.
„შემდეგ ამ ყვირილზე, ბავშვის ტირილი რომ მესმოდა, მივეცი თავს უფლება და ოთახში შევედი. სხვა შემთხვევაში არანაირად არ ჩავერეოდი, თუ რამე ისეთს არ გავიგონებდი, ძალადობის კუთხით. ბავშვი გამოვიყვანე ოთახიდან. მოვიკეტე მათი საძინებლის კარი იმიტომ, რომ მათი ჩხუბისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მოსმენა ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა. ძალიან უხერხულად ვიგრძენი მე თვითონაც თავი, რადგან ყოველთვის ჩემს თვალში ეს წყვილი იყო ერთ-ერთი საუკეთესო, მეამაყებოდნენ ყოველთვის, მაგრამ ეს სტერეოტიპი მაგ დღის შემდეგ [დამემსხვრა].
გავიარე მისაღები ოთახი, შევედი პატარა ოთახში, მივკეტე კარი და გავაგრძელე ბავშვის დამშვიდება. ისმოდა ყვირილისა და შელაპარაკების ხმა, მაგრამ ბავშვთან ერთად ვიყავი და არც ვაყურადებდი. ისეთ დისტანციაზეც ვიყავი, რომ არც სიტყვების გარჩევა შეიძლებოდა. ამ ყველაფრის მერე ნიკა წავიდა სახლიდან, როგორც მივხვდი. მე არ გავსულვარ, ნეკა შემოვიდა ჩემს ოთახში.
ფაქტად მახსოვს, თმა შეკრული ჰქონდა ოთახში, როცა გამოვიდა [საძინებელი ოთახიდან] და შემოვიდა [მეორე ოთახში, სადაც ბავშვთან ერთად იყო], გაშლილი ჰქონდა. ანერვიულებული, აკანკალებული, ტიროდა. მანამდეც ტიროდა ამ ახსნების პროცესში, მაგრამ არ დამინახავს, რადგან შუქი ჩამქრალი იყო, ხმაზე ეტყობოდა ნამტირალევი და აკანკალებული ხმა [ჰქონდა]“, – ჰყვება მოწმე.
როგორც ეკა ფირცხალაიშვილი ამბობს, ნეკა დოროყაშვილმა მას უთხრა, რომ მშობლების სახლში უნდა წასულიყო სასწრაფოდ, მაგრამ როგორც ბიძაშვილი ჰყვება, მან დაამშვიდა და დაარწმუნა, რომ მისი მშობლები უფრო განერვიულდებოდნენ და ჯობდა დარჩენილიყო.
„მაქსიმალურად ვთხოვე, რომ აქ დავრჩები, შენთან ერთად ვიქნები. ბავშვიც დავამშვიდეთ. არ გავაპრობლემეთ ეს თემა. ოჯახების გასარჩევი არ გახდეს. მშობლების ჩარევა არ არის საჭირო. სიტუაციის შელამაზებით დავითანხმე იმაზე, რომ დავრჩენილიყავით, მაგრამ მახსოვს, ამბობდა, „რომ მობრუნდეს [ნიკა] მერე რა იქნება?!“.
იმ მომენტში არ მიფიქრია ძალადობაზე, თავშიც არ მომივიდოდა, რადგან მსგავსი ფაქტი მანამდე არ ვიცოდი ნელისგან. იმ დღეს ჩემთვის არაფერი არ უთქვამს, რადგან ძალიან განერვიულებული იყო, მეც ზედმეტი კითხვებით არ გამიღიზიანებია. ერთადერთი ვკითხე, რომ ხშირად არის თუ არა ასეთი ფაქტი, თუ ეს პირველად მოხდა-თქო. არ მინდა მაგაზე ლაპარაკიო, მითხრა და აღარ ჩავეკითხე“, – ამბობს ის.
ბიძაშვილის თქმით, იმ ღამეს ნიკოლოზ ბასილაშვილი სახლში არ დაბრუნებულა. მეორე დღეს კი, როდესაც ნეკას დაურეკა მოსაკითხად, ნეკამ მას უთხრა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის ნათესავს ბოდიში მოუხადა, რაზეც ბიძაშვილი ამბობს, რომ მას ძალიან გაუკვირდა ეს ფაქტი. მისივე თქმით, მეტი ამ შემთხვევის შესახებ ნეკას მისთვის არაფერი უთქვამს.
ეკა ფირცხალაიშვილი ჰყვება, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ის ოჯახში კონფლიქტს შეესწრო. ეს მოხდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების სახლში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ.
სასამართლო სხდომაზე სხვა მოწმეები არ გამოკითხულან. სხდომა დისტანციურად გაიმართა. მოსამართლის თქმით, სხდომების ის ნაწილი, რომელზეც არასრულწლოვანს დაჰკითხავენ, ან ბავშვთან დაკავშირებული მოწმეები გამოიკითხებიან, დაიხურება, დანარჩენი სასამართლო სხდომები კი ღია იქნება.
სასამართლო აგრძელებს მტკიცებულებების გამოკვლევას და მოწმეების დაკითხვას. მომდევნო სხდომა 30 მარტსაა ჩანიშნული.
ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე 2020 წლის 21 მაისს დააკავეს. მას ბრალი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობისთვის წარედგინა. პროკურატურა ჩოგბურთელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვდა, მაგრამ სასამართლომ ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი როგორც ნეკა დოროყაშვილი, ასევე მათი მცირეწლოვანი შვილიც. საქმეშია 6 შემაკავებელი ორდერიც, რომელიც ბასილაშვილისა და მისი მშობლების მიმართ გამოწერა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქალაქო სასამართლომ კი ექვსივე ორდერი ძალაში დატოვა. ბასილაშვილის დაცვის მხარეს ორდერები სააპელაციო სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია. ჩოგბურთელის წინააღმდეგ სასამართლოში მიმდინარეობს ასევე ქონებრივი დავაც. ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.