რა ინფორმაცია აქვს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს გარდაცვლილი 11 თვის ბავშვის ოჯახის შესახებ

პუბლიკა

გურჯაანში რამდენიმე დღის წინ ოჯახში ძალადობის დროს 11 თვის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც პროკურატურა ამბობს,  9 მარტს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა და ნაჯახის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ძალადობის დროს მან მეუღლის მიმართულებით, რომელსაც 11 თვის შვილი ხელში ეჭირა, ლითონის ანთებული ღუმელი ისროლა და საფრთხე შეუქმნა უმწეო მდგომარეობაში მყოფ მცირეწლოვანს.

„დანაშაულის ჩადენისას კაცმა სცადა მეუღლისთვის ძალადობრივად ბავშვის წართმევა. ძალადობამ და შედეგისადმი გულგრილმა დამოკიდებულებამ 11 თვის ბავშვის გარდაცვალება გამოიწვია“, – ამბობენ პროკურატურაში.

რამ გამოიწვია ბავშვის გარდაცვალება, ამის შესახებ ინფორმაცია ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი.

მედიასთან ბავშვის დედა ამბობს, რომ მუდმივი ძალადობის მსხვერპლი იყო მეუღლის მხრიდან და ეს ხდებოდა მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ. გარდაცვლილი ბავშვი მათი საერთო შვილი იყო, მაგრამ, როგორც მედიისთვის არის ცნობილი, მეუღლეებს პირველი ქორწინებიდან ჰყავთ სხვა შვილებიც. ქალის შვილები ამავე ოჯახში ცხოვრობენ, ხოლო კაცის შვილები მინდობით აღზრდაში არიან.

„პუბლიკამ“ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიმართა იმის გასარკვევად, მათთვის ცნობილი იყო თუ არა ამ ოჯახის შესახებ, ახლა სად არიან ბავშვები და მუშაობენ თუ არა მათთან სპეციალისტები.

სააგენტოში დაგვიდასტურეს, რომ მამაკაცის პირველ ქორწინებაში მყოფი შვილები სახელმწიფო ზრუნვაში არიან.

„2012 წელს, როცა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთვის ცნობილი გახდა, რომ ოჯახში მყოფი ბავშვების (3 შვილი) მიმართ არ ხორციელდებოდა მშობლების ზრუნვა, მათ შორის დედის და მამის მხრიდან, რისკები იყო იდენტიფიცირებული და ამიტომ ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ისინი გადაყვანილი იყვნენ სახელმწიფო ზრუნვის სერვისში. დღესაც ბავშვებზე სახელმწიფო ზრუნავს და სააგენტოს მომსახურებებს იღებენ, “- გვითხრეს სააგენტოში.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ ოჯახს, სააგენტოს ცნობით, მათთვის ამ შემთხვევამდე არც გარდაცვლილი და არც დანარჩენი მცირეწლოვანი ბავშვების მიმართ უგულებელყოფის ან/და ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით არ მიუმართავთ.

„მომხდარი შემთხვევის შემდეგ ჩაერთო სოციალური მუშაკი, დაიგეგმა ფსიქოლოგთან შეხვედრა და სხვადასხვა სერვისის მიწოდება ოჯახში მყოფი მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. ბავშვები რჩებიან ოჯახურ გარემოში დედასთან და დედის ოჯახთან ერთად.

ახლაც და მომავალშიც, საჭიროებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მიმართავს ყველა ღონისძიებას ბავშვების უფლებების დაცვის მიზნით“, – ამბობენ სააგენტოში.


მომხდარზე არასრულწლოვნის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის, უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მცდელობის, ოჯახის წევრის მიმართ მუქარისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით კაცს ბრალი უკვე წარედგინა.

მას აღკვეთის სახით პატიმრობაც შეეფარდა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.