რა პრობლემებზე საუბრობენ მოსწავლეთა მშობლები

პუბლიკა

რა აწუხებთ მოსწავლეთა მშობლებს სკოლაში? ჩაგვრა და მასთან გამკლავების ეფექტიანი მექანიზმის უქონლობა სკოლებში, ბავშვთა მიმართ სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, ანტისანიტარია, – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელთა შესახებაც მოსწავლეების მშობლები საუბრობენ.

2018 წლის ნოემბრიდან მოსწავლეთა მშობლების დახმარების მიზნით მოქმედებს სატელეფონო კონსულტაციის ხაზი – 219 60 80. „მშობლები განათლებისთვის“ – ორგანიზაცია, რომელმაც აღნიშნული მომსახურება დანერგა, აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც შესული ზარების მიხედვით არის მომზადებული და ასახავს იმ ძირითად პრობლემურ საკითხებს, რომელთა შესახებაც მოსწავლეთა მშობლები საუბრობენ.

ქოლცენტრის მუშაობის 10 თვეში სულ შემოსულია 312 ზარი როგორც თბილისის, ისე რეგიონების კერძო და საჯარო სკოლებიდან.

პრობლემური საკითხები, რომელთა შესახებაც მშობლები საუბრობენ:

  • ჩაგვრის (ბულინგის) მრავალსახეობა და გამკლავების ეფექტიანი მექანიზმების უქონლობა სკოლებში; მშობლებს და სკოლას უჭირთ ჩაგვრის (ბულინგის) შემთხვევების ამოცნობა, რასაც ადასტურებს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშები.
  • ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტები; მათ შორის, ბავშვთა მიმართ სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.
  • ჭარბი საშინაო დავალებების უარყოფითი გავლენა მოსწავლეთა მოტივაციაზე.
  • ანტისანიტარია საკლასო ოთახებსა და საპირფარეშოებში. უსაფრთხოების ნორმების დარღვევა სველ წერტილებში; ჯანსაღ კვებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა სკოლებში.
  • არასწორი კომუნიკაციით გამოწვეული დაპირისპირებები სკოლის თანამშრობლებსა და მშობლებს შორის: მშობლები და სკოლის თანამშრომლები ერთმანეთს ვერ აღიქვამენ პარტნიორად. მათი ურთიერთობა მიმდინარეობს სავალდებულო ფორმატში და შემოიფარგლება დამდგარ რისკებთან გამკლავებით, რა დროსაც მაღალია დაპირისპირების რისკი.
  • შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანამანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების პრობლემები, რომელსაც ვერც სკოლა და ვერც მშობლები ვერ უმკლავდებიან;

 

გთავაზობთ რამდენიმე ისტორიას, რომელსაც ორგანიზაცია ასაჯაროებს:

 

ამბავი N 01 მასწავლებელი მოსწავლეებზე რეგულარულად ძალადობს. საჯარო სკოლა. ქალაქი თბილისი (ზარის ავტორია მე-7 და მე-10 კლასელი მოსწავლეების მშობელი). ბიოლოგიის მასწავლებელი ბავშვებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. უხეშია, არ აქვს მოსწავლეებთან გამონახული საერთო ენა და გაკვეთილის განმავლობაში ხშირად იყენებს სიძულვილის ენას. ბავშვები არ სწავლობენ მის საგანს. მაგალითისთვის, მშობელი იხსენებს, რომ მასწავლებელმა 13 წლის გოგონას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „სხვაგან შეიკარი ეგ შენი ძუნძგლიანი თმა“. იგივე მასწავლებელი ზარის ავტორის მეორე შვილს, მე-10 კლასელ ბიჭსაც ასწავლის და ხშირად აგდებს გაკვეთილიდან. მშობლის თქმით, ამის შესახებ საქმის კურსში არ არიან მანდატური, ადმინისტრაცია და დამრიგებელი. გარდა ამისა, მასწავლებელი შემაჯამებელ სამუშაოზე წინასწარ აკეთებს შეფასებას. კერძოდ, მოსწავლეებს მერხზე სუფთა ფურცელს უდებს, რომელზეც განმსაზღვრელი შეფასება/ქულა წინასწარ წერია. ბავშვები მშობლებთან ამ ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა ხმამაღლა თქმის ეშინიათ. საქმეს ართულებს ისიც, რომ დირექცია არ რეაგირებს აღნიშნულ ფაქტებზე. მშობელი განმარტავს, რომ დირექტორის იმედი რომ ჰქონდეთ, მოსწავლეებს გაუადვილდებოდათ სიმართლის თქმა.

ამბავი N 02 „ურჩი“ მოსწავლის სხვა სკოლაში გადაყვანას შესახებ. საჯარო სკოლა. ქალაქი თბილისი. (ზარის ავტორია მე-9 კლასელის მშობელი). მე-9 კლასის მოსწავლე მათემატიკის მასწავლებელმა კლასიდან გააძევა იმის გამო, რომ ის იცინოდა გაკვეთილზე. მესამე დღეა იძახის, რომ ამ ბავშვის ნერვები არ აქვს და მოსწავლეს გაკვეთილზე არ უშვებს. მშობელს ურეკავს დამრიგებელი, არ უხსნის საქმის ვითარებას დეტალურად და სასწრაფოდ იბარებს დირექტორთან. მშობლები მიდიან სკოლაში. კაბინეტში ხვდებათ დამრიგებელი და დირექტორი, რომელიც ითხოვს ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანას, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრება გარიცხვით.

ამბავი N 08 კორუფცია და უთანასწორობა საჯარო სკოლაში საჯარო სკოლა. ქალაქი თბილისი (ზარის ავტორი – საბაზო საფეხურის მოსწავლეების მშობელი). სკოლაში არიან მასწავლებლები, რომლებიც გაკვეთილების შემდეგ ტოვებენ ბავშვებს და ამეცადინებენ დამატებით, რაც არისფასიანი მომსახურება. ვინც ემზადება მათთან, კარგ ნიშნებს იღებენ და მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ. ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვს, იჩაგრებიან. მშობელი ამბობს: „მაგალითად, ვინც მასთან ემზადება მასწავლებელი წინასწარ ეუბნება, რა უნდა წერონ საკონტროლოში და ა.შ. შემდეგ ის ბავშვები მაღალ ქულებს იღებენ და ეს კლასში დაპირისპირების საგანია. იყო შემთხვევა, რომ ერთ-ერთმა დედამ ვეღარ შეძლო გადასახადის გადახდა, გამოიყვანა ბავშვი და მასწავლებელი ისევე გადაეკიდა მას, როგორც მანამდე ეპყრობოდა, ვიდრე მომზადებას დაიწყებდა“. მშობელი ამბობს, რომ ერიდება ღიად დაპირისპირებას, რადგან შიშობს რომ მისი შვილები უფროსების მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი გახდებიან, მას კი როგორც დედას, არც ფინანსური და არც ფიზიკური შესაძლებლობები არ აქვს, დაიცვას შვილები.

ამბავი N 10 ანტისანიტარია სკოლებში საჯარო სკოლა. ქალაქი თბილისი (მე-3 კლასელი მოსწავლის მშობელი). მშობელი ამბობს, რომ საკლასო ოთახი სველი წესით თვეობით არ ლაგდება. ბავშვებს განათლების მიღება ანტისანიტარიაში უწევთ. მისი ინფორმაციით, სკოლაში 700 ბავშვი და 3 დამლაგებელია. მათი ძირითადი საქმიანობა დერეფნების და სველი წერტილების მეტ ნაკლები დასუფთავებით შემოიფარგლება. საკლასო ოთახებში თითქმის არასდროს შედიან. კანონის თანახმად, სკოლის ადმინისტრაცია მშობლებს ფულის აგროვებას უკრძალავს, თუმცა ვერც თავად ართმევს თავს სკოლაში ჰიგიენის დაცვას. მოსწავლეები და მათი მშობლები გამოუვალ მდგომარეობაში არიან.

ამბავი N 13 არატიპური განვითარების ბავშვის ყოფა სკოლაში. საჯარო სკოლა. ქალაქი თბილისი (მეოთხე კლასელი მოსწავლის დედა). ბიჭს აქვს ყურადღების დეფიციტი. ჰიპერაქტიურია. დადგენილი აქვს განვითარების შეფერხების საშუალო ხარისხი. მშობელს დაჰყავს რეაბილიტაციის ცენტრში თერაპიაზე. როგორც ამბობს, კარგი შედეგები აქვს. ფსიქოლოგი ჰპირდება, რომ წლის ბოლომდე განვითარებით დაეწევა ტიპურ ბავშვებს. თუმცა, სკოლაში მასწავლებელი ბავშვს არაჰუმანურად ექცევა. აყენებს კუთხეში, სჯის მკაცრად. მშობლის საჩივარზე პასუხად, სკოლა მას სპეც. მასწავლებელს სთავაზობს. სტერეოტიპების შიშით მშობელს სპეც. მასწავლებელი არ სურს. ამბობს, რომ მასწავლებელმა დახმარების უბრალოდ კეთილი ნება რომ გამოხატოს, ადვილად მიაღწევენ შედეგს, რადგან ბავშვი თერაპიაზე დაჰყავს და მის შვილს სკოლაში ინდივიდუალური პროგრამა არ სჭირდება.

ორგანიზაცია რეკომენდაციით მიმართავს კლასის დამრიგებლებს:

იმუშაოს მოსწავლეებთან ჯანსაღი ცხოვრების წესის და მოქალაქეობრივი თვითშეგნების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე;  ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მიერ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გააზრებას და მათთან ერთად მონახოს პრობლემის გადაჭრის სტრატეგიები; დაამკვიდროს მშობლებთან პოზიტიური მუშაობის კულტურა და გამოიყენოს მათი ძალისხმევა თანამშრომლობის გასააქტიურებლად.