რა შეიცვალა „უფასო მედიკამენტების" პროგრამაში

პუბლიკა

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უფასოდ მიღება შეუძლიათ. პროგრამით სარგებლობენ: სოციალურად დაუცველი პირები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს), პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები (შშმ ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები) და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა.

იანვრიდან უფასო მედიკამენტების პროგრამაში გარკვეული ცვლილებები შევიდა: მოიხსნა წლიური ლიმიტი, რომელიც გასაცემი მედიკამენტების რაოდენობას ზღუდავდა. ცვლილებამდე, წლის განმავლობაში, ერთ ადამიანს, მხოლოდ ლიმიტირებული ღირებულებით შეეძლო მედიკამენტების მიღება

თვალსაჩინოებისთვის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებისათვის წლიური ლიმიტი 20 ლარი იყო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რიგ შემთხვევებში მედიკამენტების მიღება ყოველდღიურადაა აუცილებელი (მაგ. ტრიუმის ლევოთიროქსინი)  წამლების სიძვირის ფონზე კი ლიმიტი მარტივად იწურებოდა. 

წლიური ლიმიტი შედარებით მაღალი იყო ეპილეფსიისა და ფილტვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შემთხვევაშიერთ ადამიანზე შესაძლებელი იყო 300 ლარამდე ღირებულების მედიკამენტის გაცემა, თუმცა, ყოველდღიური მოხმარების მედიკამენტის წლიური ხარჯი ხშირად ბევრად აღემატებოდა დაწესებულ ლიმიტს. ცვლილების ამოქმედების შემდეგ შესაბამისი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანები მათთვის საჭირო ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უფასოდ მიღება ულიმიტოდ შეეძლებათ

უფასოდ გასაცემი წამლების სია წინასწარაა განსაზღვრული და დღეის მდგომარეობით, მოიცავს ქრონიკული დაავადებების შვიდ ჯგუფს

  • გულსისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;
  • ფილტვის ქრონიკული დაავადებები;
  • დიაბეტი (ტიპი II);
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
  • ეპილეფსია;
  • პარკინსონის დაავადება;
  • გლაუკომა.

უფასოდ გასაცემი მედიკამენტების სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე;

მედიკამენტების უფასოდ მისაღებად მიმართეთ ოჯახის ექიმს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის საჭირო მედიკამენტი აღნიშნულ სიაშია, ექიმი გამოგიწერთ ელექტრონულ რეცეპტს, რომელიც სააფთიაქო ქსელში აისახება. ამის შემდეგ შეგეძლებათ, მედიკამენტები ნებისმიერ პროგრამაში ჩართული ქსელის აფთიაქიდან გატანოთ. გახსოვდეთ, რომ მედიკამენტების მისაღებად აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა. პროგრამაში ჩართული სააფთიაქო ქსელებია – პსპ, ჯიპისი, ფარმადეპო, ავერსი, იმპექსი. 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების შესახებ, შეგიძლიათ გაეცნოთ „პუბლიკის” სტატიას;

თქვენთვის შესაბამისი მიზნობრივი ან მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამის მოძიება შეგიძლიათ ვებგვერდზე – uplebatsamalze.com.

მასალა მომზადებულია „პუბლიკისა” და პლატფორმა „წამლის უფლების” ერთობლივი თანამშრომლობით.