რატომ არის მნიშვნელოვანი, ვიცოდეთ წამლის გენერიკული დასახელება? 

პუბლიკა

იცით, რას ნიშნავს გენერიკული წამალი? რატომ უნდა ვიცოდეთ ექიმის მიერ გამოწერილი  წამლის გენერიკული დასახელება? ბლოგში მოგიყვებით, რას ნიშნავს გენერიკი და რატომ არის მნიშვნელოვანი, ჩვენთვის საჭირო მედიკამენტის გენერიკული დასახელების ცოდნა. 

მედიკამენტების უმრავლესობას სამი სახელწოდება აქვს: 

 ქიმიური სახელწოდებამედიკამენტის იმ ძირითადი ინგრედიენტის, ქიმიური ფორმულის სამეცნიერო დასახელება, რომელსაც სამკურნალო ეფექტი აქვს;

გენერიკული სახელწოდება – სამკურნალო ეფექტის მქონე ნივთიერების საყოველთაოდ მიღებული, შემოკლებული სახელწოდება

სავაჭრო დაპატენტებული სახელწოდება, რომელიც მისმა მწარმოებელმა კომპანიამ ფარმაცევტულ ბაზარზე გამოშვებულ მედიკამენტს მიანიჭა.

წამლის გენერიკული დასახელება აერთიანებს ყველა იმ მედიკამენტს, რომელსაც ერთი და იგივე აქტიური ნივთიერება და სამკურნალო ეფექტი აქვს; თუმცა ისინი შესაძლოა სხვადასხვა ფარმაცევტული კომპანიის მიერ იყოს წარმოებული და განსხვავებული ფასი ჰქონდეს.

მაგალითად, „იბუპროფენი” წამლის გენერიკული დასახელებაა და ის შეიძლება სხვადასხვა ბრენდული დასახელებით იყიდებოდეს, როგორიცაა: „მიგ-400″, „ნუროფენი”, „იბუპროფენ დენკი”, „იბუდექსი”, „პერუფენი”, „ლაროფენი” და ა.შ. 

2022 წლიდან რეცეპტის გამოწერისას ექიმი ვალდებულია, დანიშნულებაში მედიკამენტების არა ბრენდული (ანუ სავაჭრო), არამედ გენერიკული სახელი გამოიყენოს. 

რეცეპტის გამოწერის ეს წესი საშუალებას გვაძლევს ექიმთან და უშუალოდ აფთიაქში ვიზიტისას, უარი თქვათ ძვირადღირებულ ბრენდულ მედიკამენტზე და მოითხოვოთ მისი ალტერნატიული – იაფი და ეფექტიანი ვერსია.

რატომ ღირს ერთი წამალი მეორეზე უფრო ძვირი

ახალი მედიკამენტის შექმნა ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცესია. ფარმაცევტულ კომპანიას დიდი რესურსისა და ინვესტიციის გაღება უწევს იმისთვის, რომ ახალი, ეფექტური ფორმულა შექმნას. გამოგონებასთან დაკავშირებული ხარჯების გარდა, მას სჭირდება კლინიკური კვლევები, რათა ყველა სტანდარტი დააკმაყოფილოს და მიიღოს მარეგულირებელი ორგანოების რეკომენდაცია წამლის რეალიზაციისთვის. ამგვარად, ბრენდული მედიკამენტი მის შექმნასთან დაკავშირებული ხარჯების გამო უფრო ძვირია, გამომგონებელი კომპანია კი მედიკამენტს „აპატენტებს“, რაც მას რამდენიმე წლის განმავლობაში ამ წამლის ექსკლუზიურად გაყიდვის უფლებას ანიჭებს. 

პატენტის ვადის ამოწურვის შემდეგ, მედიკამენტის ფორმულის დუბლირება და გაყიდვა სხვა ფარმაცევტულ კომპანიებსაც შეუძლიათ. შესაბამისად, მათ არ უწევთ ახალი ფორმულის გამოგონებასთან და რამდენიმესაფეხურიან კვლევასთან დაკავშირებული ხარჯების გაღება. 

რატომ უნდა ვიცოდეთ წამლის გენერიკული დასახელება?

გენერიკული დასახელების ცოდნას ორი მნიშვნელოვანი მიზანი შეიძლება ჰქონდეს:

1 – მედიკამენტებზე დახარჯული თანხების შემცირება – გენერიკული დასახელება საშუალებას გვაძლევს ერთსა და იმავე ეფექტის მქონე მედიკამენტებს შორის ავირჩიოთ ჩვენთვის ფინანსურად ყველაზე ხელსაყრელი ვერსია. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ორი მედიკამენტის ფასი ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდებოდეს, მათი სამკურნალო ეფექტი ერთი და იგივე შეიძლება იყოს.

კონკურენციის სააგენტოს 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში 6 ჯგუფის მედიკამენტების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ბრენდირებული მედიკამენტების გენერიკებით ჩანაცვლების შემთხვევაში, პაციენტები 2016-2020 წლებში საშუალოდ 16 მილიონ ლარს დაზოგავდნენ

2 – პოლიფარმაციისა და არაეთიკური მარკეტინგისაგან დაცვა – სამწუხაროდ, საქართველოში არაეთიკური გარიგებების ფაქტები უცხო არ არის. ზოგიერთი ექიმი თანამშრომლობს კონკრეტულ ფარმაცევტულ კომპანიასთან და გარკვეული ფინანსური ანაზღაურების ან ფასიანი საჩუქრების სანაცვლოდ, ამ კომპანიის მედიკამენტის გასაღებას უწყობს ხელს. შესაბამისად, ასეთ გარიგებაში მყოფმა ექიმმა შესაძლოა კონკრეტული ბრენდის მედიკამენტი პირადი და ფარმაცევტული კომპანიების ინტერესებიდან გამომდინარე გამოწეროს და არა პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. რეცეპტში წამლის გენერიკული დასახელებით გამოწერას შეუძლია თავიდან აგვარიდოს ასეთი შემთხვევები და საშუალება მოგვცეს, საჭირო მედიკამენტის მრავალი ვერსიიდან ერთ-ერთი თავად ავირჩიოთ.

როგორ შეიძლება დავადასტუროთ, რომ გენერიკულ და ბრენდულ მედიკამენტებს ერთნაირი ეფექტურობა აქვთ?

გენერიკულად წარმოებული მედიკამენტების შემთხვევაში, მწარმოებელს არ ეკისრება ბევრი დამატებითი კვლევის ჩატარება, რადგან ეს წამლები უკვე გამოცდილი ფორმულის დუბლირებული ვერსიებია. თუმცა, რიგ ქვეყნებში, მათ მოეთხოვებათ ე.წ. ბიოეკვივალენტურობის დადასტურება. 

აღსანიშნავია, რომ შესაძლოა გენერიკულ და ბრენდულ მედიკამენტს ერთი და იგივე აქტიური ნივთიერება ჰქონდეს, თუმცა ეს არაა საკმარისი იმის სათქმელად, რომ მათ ერთნაირი სამკურნალო ეფექტი აქვთ, ვინაიდან გასათვალისწინებელია რიგი ფაქტორები, რაც მსგავსი ეფექტის მისაღებად უნდა დაიცვას მწარმოებელმა – მაგალითად, დოზირება, შეწოვის გზები, დრო და ა.შ. 

სწორედ ამიტომ არის საჭირო ბიოეკვივალენტურობის დადასტურება, რაც ნიშნავს იმას, რომ გენერიკული მედიკამენტის სამკურნალო ეფექტი, ბრენდულის სრული ანალოგია მისი დოზირების, შეწოვის, ეფექტურობის ხარისხის კუთხით.  

საქართველოში მოქმედი რეგულაციებით, საქართველოს კანონის თანახმად, ქვეყანაში გენერიკული მედიკამენტების რეგისტრაციისათვის, მისი ხარისხის, ეფექტურობისა და უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად, აუცილებელია წარმოდგენილი იყოს მონაცემები მისი ბიოეკვივალენტურობის შესახებ. შესაბამისად, გენერიკული დასახელების საფუძველზე შემოთავაზებულ სხვადასხვა მწარმოებლისა და ბრენდული დასახელების მქონე წამლებს შორის შეგიძლიათ თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური ვერსია აირჩიოთ. 

საჭირო მედიკამენტებს უფრო იაფი ვერსიები შეგიძლიათ მოიძიოთ ვებგვერდზე – uplebatsamalze.com

მასალა მომზადებულია „პუბლიკისა” და პლატფორმა „წამლის უფლების” ერთობლივი თანამშრომლობით.