სად მოვიძიოთ ინფორმაცია ჯანდაცვის უფასო სახელმწიფო პროგრამებზე

პუბლიკა

საქართველოში ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით მოქმედი რამდენიმე ტიპის სახელმწიფო პროგრამა არსებობს.

ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც ყველა მოქალაქეს, რომლის შემოსავალიც არ აღემატება 40 ათას ლარს, ოჯახის ექიმთან კონსულტაციას, გამოკვლევას, ჰოსპიტალიზაციასა და სხვა სერვისებს სახელმწიფო უფასოდ ან თანადაფინანსებით აწვდის.

გარდა ამისა, არსებობს მიზნობრივი პროგრამები, რომლებიც გარკვეული დიაგნოზების მქონე პირებს სამედიცინო სერვისების სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას სთავაზობს.

ასევე, არსებობს მუნიციპალური პროგრამები, რომლებიც კონკრეტულ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და/ან მცხოვრები ადამიანებისთვისაა ხელმისაწვდომი.

რა არის საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამა და როგორ გამოვიყენოთ ის?

საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამა ვრცელდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე, ვისი წლიური შემოსავალიც 40 ათას ლარს არ აღემატება. ამ პროგრამით ფინანსდება ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება ან მოქმედებს თანადაფინანსება.

კლინიკაში გადასახდელი თანხის რა ნაწილს დაფარავს სახელმწიფო, დამოკიდებულია კონკრეტული მოქალაქის შემოსავალზე, ასაკსა და სოციალურ სტატუსზე.

მაგალითად, იმ ადამიანებს, ვისი ყოველთვიური შემოსავალიც თვეში 1000 ლარზე მეტია, თუმცა წლიური შემოსავალი 40 ათასს არ აღემატება,  მხოლოდ ოჯახის ექიმის კონსულტაციას უფინანსებენ.

წლიურად 40 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირი, მხოლოდ  მშობიარობა/საკეისრო კვეთის, მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული მომსახურებითა და ინფექციური დაავადებების მართვის სერვისით სარგებლობს.

მათთვის კი, ვისი ყოველთვიური შემოსავალიც 1000 ლარზე ნაკლებია ან არარეგულარული, ნაწილობრივ ან სრულად ანაზღაურდება სხვადასხვა სპეციალისტის მომსახურება, კლინიკური და ლაბორატორიული კვლევები, სამედიცინო მანიპულაცია და ჰოსპიტალიზაცია.

განსხვავებული პირობებით სარგებლობენ სოციალურად დაუცველები, ვეტერანის სტატუსის მქონე პირები, 0-5 წლამდე ასაკის ბავშვები, 5-18 წლამდე მოზარდები, პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სხვა, განსაკუთრებული სოციალური სტატუსის მქონე ადამიანები.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობისათვის საჭიროა ამ პროგრამის განხორციელებაში ჩართულ კლინიკაში რეგისტრაცია – კლინიკის არჩევა თავად შეგიძლიათ.

ამასთან, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს უფინანსდება (25 000-ლარიანი ლიმიტით). მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალიც 40 000 ლარზე მეტია.

რა არის მიზნობრივი პროგრამა, და როგორ გამოვიყენოთ ის:

მიზნობრივი პროგრამები განკუთვნილია კონკრეტული დიაგნოზისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ადამიანებისათვის. მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში შესაძლებელია სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების – დიაგნოსტირების, კვლევის, მკურნალობის, მედიკამენტების ან სხვა საჭირო სამედიცინო მომსახურების დაფინანსება.

დღეისათვის 17 ასეთი პროგრამა არსებობს:

  1. დიაბეტის მართვა;
  2. C ჰეპატიტის მართვა;
  3. აივ-ინფექცია/შიდსის მართვა;
  4. ფსიქიკური ჯანმრთელობა;
  5. დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია;
  6. თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება;
  7. ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება;
  8. ტუბერკულოზის მართვა;
  9. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა;
  10. ნარკომანიით დაავადებული პირების მკურნალობა;
  11. ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა;
  12. სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდება და სასწრაფო სამედიცინო დახმარება;
  13. რეფერალური მომსახურება;
  14. იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა;
  15. ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა;
  16. სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
  17. ორგანოთა ტრანსპლანტაცია (ძვლის ტვინისა და ღვიძლის ტრანსპლანტაცია).

ჩამოთვლილი პროგრამებიდან რომელიმეში ჩასართავად უნდა მიმართოთ ამ პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებას. რადგან ეს პროგრამები ერთმანეთისაგან განსხვავებულია, მათ სხვადასხვა კლინიკა ახორციელებს.

რა არის მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამა და როგორ შემიძლია გამოვიყენო?

მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამები ადგილობრივ დონეზე მუშაობს და ხელმისაწვდომია კონკრეტულ მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქებში რეგისტრირებული პირებისთვის. ზოგიერთი მუნიციპალური პროგრამა მხოლოდ კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფისთვის, ან სოციალური სტატუსის მქონე პირისთვისაა განკუთვნილი. ასეთ პროგრამაში ჩასართავად საჭიროა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულს – მერიას, ან გამგეობას მიმართოთ.

სად მოვიძიოთ ინფორმაცია მიზნობრივი პროგრამების შესახებ?

► დათვალეთ თქვენი შემოსავლები და განსაზღვრეთ, საყოველთაო ჯანდაცვის რომელი პაკეტია თქვენთვის შესაბამისი; გაეცანით გზამკვლევს.

► თითოეული პროგრამისათვის გაწერილია კონკრეტული კრიტერიუმები – თუ რა ასაკის, დიაგნოზისა და სოციალური სტატუსის მქონე მოქალაქეს შეუძლია ჩაერთოს და ისარგებლოს ამ სერვისებით. ამ კრიტერიუმებს შეგიძლიათ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გაეცნოთ ან თქვენთვის შესაბამისი პროგრამების უფრო მარტივად მოსაძიებლად, გამოიყენოთ ვებგვერდი uplebatsamalze.com, სადაც თქვენი ასაკის, სოციალური სტატუსის, საცხოვრებელი ადგილისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიშვნით, თქვენთვის შესაბამისი პროგრამის პოვნაა შესაძლებელი.

მასალა მომზადებულია „პუბლიკისა” და პლატფორმა „წამლის უფლების” ერთობლივი თანამშრომლობით.